“საქართველოს შევხედავდი, როგორც ძალიან კარგ პროდუქტს, პოტენციალს, რომელიც არ ათვისებულა. შევხედავდი, როგორც შესაძლებლობას, რომ ძალიან მაგარი მარკეტინგი გაკეთდეს”, - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ნინჩო ეგაძე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს, როგორც ბრენდს, ხანგრძლივი ისტორია აქვს, რის გამოც ახალი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა გაცილებით რთულია.
“ალბათ ყველაზე მეტად რაც უჭირთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მარკეტინგს თავის თავზე იღებენ, ისაა რომ საქართველო დიდი ბრენდია, იმდენად დიდი ისტორია აქვს, რომ როდესაც ე.წ. “მემკვიდრეობით ბრენდს” ხელს ჰკიდებ, ძალიან ბევრი ასპექტი უნდა გაითვალისწინო. როდესაც შენს ბრენდზე შთაბეჭდილება უკვე არსებობს, მილიონობით ადამიანის თავში, ძალიან მარტივია შეგეშალოს, იყო სუბიექტური”, - ამბობს ნინჩო ეგაძე.
მისი თქმით, საქართველოს მარკეტინგული კამპანიების უმრავლესობა ტურისტებზეა მორგებული, როცა გაცილებით მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ის გავიაზროთ, რა არის ეს ბრენდი თავად საქართველოს მოქალაქისთვის.
“როდესაც ვიწყებთ, ეს თემა ყოველთვის ტურიზმზეა მიბმული. პირველ რიგში უნდა ჩამოვაყალიბოთ ძირითადი და ძირეული ღირებულებები ამ ბრენდზე, ამ კონკრეტულ ქვეყანაში რა ხედვა, რა სტრატეგია გვაქვს, ეს უნდა იყოს მრავალწლიანი და მხოლოდ შემდეგ უნდა დავიწყოთ სეგმენტირება.
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ბრენდზე, პირველ რიგში ტურისტი გვახსენდება, სინამდვილეში პირველ რიგში მნიშვნელოვანია, თვითონ მოქალაქეები როგორ აღიქვამენ ამ ბრენდს, აქედან უნდა დავიწყოთ და შემდეგ შეიძლება გაკეთდეს სეგმენტაცია ტურისტებზე”, - ამბობს მარკეტინგის სპეციალისტი.
რაც შეეხება საქართველოს მარკეტინგულ უპირატესობებს, ნინჩო ეგაძის თქმით, ქვეყანაში ბევრი ისეთი გარემოებაა, რაც მარკეტინგულ პოტენციალს აჩენს.
“ამიტომ არის საქართველო კომუნიკაციისთვის სუპერ პროდუქტი, რომ ისეთი მოცემულობები აქვს. მაგალითად ის, რომ გვაქვს წელიწადში 220 მზიანი დღე, ის რომ ოქროს მოპოვების ისტორია გვაქვს, ღვინის ისტორია, უნიკალური პროდუქტები, რომლებიც სხვაგან არ იზრდება, ფლორა-ფაუნა… ისეთი თემებია, მუშაობა სჭირდება მხოლოდ”, - ამბობს ნინჩო ეგაძე.