მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კონცეფციას ეფუძნება ნინჩო ეგაძის “დიზაინის ინსტიტუტი”?

Design Institute

ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია ერთ-ერთია იმ სფეროთა შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება. სისწრაფესთან ერთად, ქართველი მარკეტერები და დიზაინერები არც ხარისხის მნიშვნელობას ივიწყებენ, რასაც ის არაერთი ჯილდო ადასტურებს, რომლებსაც ჩვენი კომპანიები ყოველწლიურად იღებენ.

შემოქმედებით ინდუსტრიაში სიახლეა - “დიზაინის ინსტიტუტმა”, რომელიც შემოქმედებითი სფეროს სხვადასხვა მიმართულებაზე ფოკუსირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სტუდენტების მიღება დაიწყო და პირველი სასწავლო პროგრამებიც გაუშვა.

“დიზაინის ინსტიტუტს” დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ნინჩო ეგაძე უძღვება, რომელმაც კომპანიის გეგმებზე “საქმიან საღამოში” ისაუბრა.

“დიზაინის ინსტიტუტის” შექმნისკენ, მარტივად რომ ვთქვა, სწორედ იმან მიბიძგა, რაც მჭირდებოდა და მაკლდა, როცა ამ მიმართულებით ვვითარდებოდი. ამასთან, ბევრი ვიფიქრე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების განვითარების შემდეგი ეტაპი და მიძღვნა ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სასარგებლო მიმართულებაა, რომელშიც საინტერესო საქმეების კეთება შემიძლია იმ დიდ გუნდთან, რომელიც ინსტიტუტში შეიკრიბა”, - განაცხადა ნინჩო ეგაძემ “საქმიან საღამოში”.

როგორც “დიზაინის ინსტიტუტის” დამფუძნებელი ამბობს, სასწავლო დაწესებულება სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს - სწავლებას, კვლევას და დიზაინის აუდიტს.

“ეს კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომლის მთავარი მიზანია დიზაინის ყველა სპექტრი მოიცვას, მთავარი იდეა კი - კერძო და საჯარო სექტოთან თანამშრომლობას ეფუძნება. სამი მიმართულება გვაქვს, ესენია: სწავლება, კვლევა და დიზაინის მიმართულებით კოლაბორაციები და აუდიტი ბიზნესისა და საჯარო სექტორისთვის. თან, სამივე ამ მიმართულებას თანაკვეთა აქვს, რაც ასევე საინტერესოა”, - აღნიშნა ნინჩო ეგაძემ “საქმიან საღამოში”.

“დიზაინის ინსტიტუტის” ერთ-ერთი მთავარი მიმართულება - დიზაინის აუდიტი, ერთგვარი საკონსულტაციო პლატფორმაა, რომლის დახმარებით, კომპანიებს და დიზაინერებს ღირებულების გაცვლა და ერთობლივად უკეთესი პროდუქტების შექმნა შეუძლიათ.

“ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია - სექტორული თანამშრომლობაა. საქართველოში არსებობს სასწავლებლები, რომლებიც გრაფიკისა და დიზაინის მიმართულებით თეორიას ასწავლიან, მაგრამ არსებობენ კომპანიები, რომლებიც დიზაინის პრაქტიკებს ყოველდღიურად იყენებენ, რადგან ციფრულ სამყაროში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელთან, რეალურად, დიზაინით ურთიერთობ. თავად კომპანიის სტრუქტურაც, ხშირ შემთხვევაში, შექმნილია ონლაინსისტემებით. ამ ორი მიმართულების თანაკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, დიზაინერს უნდა ესმოდეს, თუ რას აკეთებს კომპანია და ბიზნესი, ხოლო, მეორე მხრივ, კომპანიას უნდა ესმოდეს, თუ რატომ სჭირდება დიზაინი”, - აღნიშნა “დიზაინის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა, ნინჩო ეგაძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები