მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კანონის მხარდამჭერ ბიზნესთან თანამშრომლობა მიუღებელია... შემოსავლის 15%-ზე ვამბობთ უარს” - "რედბერი"

რედბერი

კრეატიული სააგენტო "რედბერის" დამფუძნებელი გაგა დარსალია ამბობს, რომ "გამჭვირვალობის" მხარდამჭერი ბიზნესებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლების 15%-ს კარგავს. ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსთან" ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს და გამჭვირვალობას გასულ კვირას საქართველოს მსხვილი ბიზნესების ნაწილმა მხარი დაუჭირა. მხარდამჭერ ბიზნესებს შორის კი არქი, CELFIE, Wissol, Wendy’s, Dunkin’, Smart, Subway, ჯორჯიან მანგანეზი, მილდიანი, აიჯი დეველოპმენტი, VR ჰოლდინგი, KTW, თეთრი კვადრატი, ანაგი და ორბი ხვდებიან. შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, კი იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებმაც "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს, ბოიკოტს უცხადებენ, - შესაბამისი განცხადება გასულ კვირას კრეატიულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

ბოიკოტს თითქმის ყველა ქართული, მსხვილი შემოქმედებითი სააგენტო უერთდება, მათ შორისაა კომპანია "რედბერიც".

როგორც "რედბერის" დამფუძნებელი გაგა დარსალია “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რუსული კანონის მხარდამჭერი კომპანიებიდან რამდენიმესთან "რედბერი" თანამშრომლობდა, თუმცა არსებული პროცესებიდან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულებები გაწყდება. დარსალია ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე კონკრეტული კომპანიებს ვერ ასახელებს და განმარტავს:

“კრეატიულ ინდუსტრიაში არცერთი კომპანიისთვის არ იქნებოდა მარტივი, თუნდაც სუფთა ფინანსური თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს ბაზარზე ჩვენი შემოსავლის 15%-ზე ვამბობთ უარს, თუმცა ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია თანამშრომლობდე ისეთ ბიზნესთან, რომლის აღმასრულებელი მენეჯმენტი ან დამფუძნებელი მხარს უჭერს ამ კანონს. ჩვენს ღირებულებებთან შეუთავსებელია ეს ყველაფერი, ამიტომ შეუძლებელია ვმუშაობდეთ ამ ბინზესების ზრდაზე და განვითარებაზე”, - ამბობს "რედბერის" დამფუძნებელი გაგა დარსალია.

კითხვაზე, რამდენად აზარალებს ქვეყანაში განვითარებული პროცესები ქართული კრეატიული ინდუსტრიის თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან და იყო თუ არა მათგან ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე უკუკავშირი, გაგა დარსალია ამბობს, რომ მათი სერვისის ძირითადი ნაწილი უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ხორციელდება. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორები პროცესების საქმის კურსში არიან, ადევნებენ საერთაშორისო მედიას თვალს და შეშფოთებას გამოთქვამენ.

“ჩვენი ბიზნესის დაახლოებით ⅔ სერვისის ექსპორტია, სადაც დიდი როლი აქვს ევროკავშირის ქვეყნებს. ჩვენს ინდუსტრიაში კომპანიები მსგავსი ტრაექტორიით მიდიან. ამაზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით და მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია ნდობის მოპოვება ევროპულ ორგანიზაციებთან, რომ მათ თავიანთი პროექტი გვანდონ. კრეატიულ ინდუსტრიას ბევრი ჯილდო გვაქვს მოპოვებული საერთაშორისო ფესტივალებზე საქართველოსთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო გაშუქება აქვს ამ ამბავს ყველა ცდილობს, რომ გვერდში დგომა გამოხატონ, გაერკვნენ რა ხდება. შეშფოთებული არიან, ვმეგობრობთ ბევრთან და პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ჩვენთან, მაგრამ შეშფოთებული არიან, რასაც ხედავენ მედიის საშუალებით.”-ამბობს გაგა დარსალია.

კითხვაზე, როგორ გადალადგება ამ გადაწყვეტილების შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე პროცესები, "რედბერის" დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიებს, რომლებსაც შემოქმედებითმა ინდუსტრიამ ბოიკოტი გამოუცხადა შემცვლელი კომპანიების მოძიება გაუჭირდება, რადგან ბოიკოტს თითქმის ყველა მსხვილი კრეატიული სააგენტო უერთდება.

მისი თქმით, მათ გაუჭირდებათ პარტნიორების მოძიება უცხოეთის ბაზარზეც, რადგან ადგილობრივ ბაზარზე მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს და გამოცდილება სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები