მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმი საქართველოში ჩატარდა - ინტერვიუ მიხაილ ანისიმოვთან

5fbe5927a9492
BM.GE
25.11.20 17:05
921
საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური DNS ფორუმი (EE DNS Forum 2020) გაიმართა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ინტერნეტ დომენებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს შეეხო. ყოველწლიური ფორუმი მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) ორგანიზებითა და „კავკასუს ონლაინის“ როგორც .GE საქართველოს კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მხარდაჭერით შედგა.

BMG ფორუმის მთავარი მიზნებისა და შედეგების შესახებ ICANN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მიხაილ ანისიმოვს ესაუბრა. მისი თქმით, DNS კომპანიების მხრიდან კოვიდ პანდემიის პრიობებში უწყვეტი ფუნქციონირების გაგრძელებისთვის გადადგმული ნაბიჯები, ასევე ახალი ტექნოლოგიური სისტემების - 5G-ისა და IoT-ის ათვისების საკითხები ფორუმის მთავარი განსახილველი საკითხები იყო. ეპიდმიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება სრულად დისტანციური სახით ჩატარდა.

ინტერვიუ მიხაილ ანისიმოვთან

თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა არის ICANN-ი და რა როლი აქვს მას მთლიანად ინტერნეტის ეკოსისტემაში?

რაც შეეხება ჩვენს როლს - ICANN-ი ნიშნავს მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ კორპორაციას. ჩვენ ვართ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობს. ჩვენი ძირითადი მიზანია ის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელს ინტერნეტში. ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ ვიწრო მანდატი გვაქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დომენების სახელებს ვმართავთ. შესაბამისად, ეს ინტერნეტის სამისამართო სისტემის მართვას ნიშნავს.

როდესაც ინტერნეტს მოიხმართ, თქვენ იყენებთ ელექტრონულ ფოსტას, ფეისბუქს თუ სხვა აპლიკაციებს, მათ ქვემოთ არსებობს მყარი ციფრული ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ მომხმარებლები სერვისს შეუფერხებლად იღებდნენ. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიოროებთან ერთად ამ ინფრასტრუქტურის უწყვეტად ფუნქციონირებისთვის ვმუშაობთ. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები არიან როგორც სახელმწიფოები, ასევე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, ეს არის ის ფუნქციები, რასაც ICANN-ი ასრულებს.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა არის აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმის მიზანი და როგორ შეარჩიეთ მისი ვირტუალური მასპინძლობისთვის საქართველო?

დიახ, ეს არის პლატოფორმა, რომელიც DNS ინდუსტრიის წარმომადგენლების შეკრებას უწყობს ხელს. DNS-ი და ინტერნეტი საერთაშორისო სისტემებია, ისინი ქსელების ერთობლიობებისგან შედგება. ის მხოლოდ განცალკევებულ გეოგრაფიულ რეგიონს არ მოიცავს., შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საერთაშორისო კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილებები უნდა გავუზიაროთ და ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც აქტუალურია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით DNS რეგიონული ფორუმები. ეს არის სივრცე, სადაც ამ სფეროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია შეკრება. შესაბამისად, ჩვენ ვაწყობთ აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმს, ახლო აღმოსავლეთის DNS ფორუმს, ასევე სხვა არაერთ ღონისძიებას.

ფორუმს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. ჩვენ საკმაოდ წარმატებული ფორუმები გვქონდა უკრაინაში, ბელარუსში, სომხეთში, ლატვიაში. წელს ფორუმი თბილისში იგეგმებოდა, რისთვისაც ჩვენ მადლობას ვუხდით ფორუმის თანაორგანიზატორს, კავკასუს ონლაინს, რომელიც ქვეყნის დომენს - .GE-ის მართავს. მათ მადლობას ვუხდით, რადგან ფორუმის საქართველოში ჩატარება შემოგვთავაზეს. სამწუხაროდ, წელს ჩვენ ფორუმის ჩატარება დისტანციური ფორმით მოგვიწია, თუმცა ვირტუალური სახით ჩვენ მაინც თბილისში ვიმყოფებით და გვაქვს სურვილი, რომ ამ ფორუმის მეშვეობით რაც შეიძლება მეტად მივწდეთ ადგილობრივ საზოგადოებას და გავიგოთ მათი საჭიროებების შესახებ.

რა იყო წლევანდელი ფორუმის ძირითადი განსახილველი საკითხი?

როგორც წესი, ფორუმი ფარავს საკმაოდ ფართო სპექტრის საკითხებს. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი DNS ბაზრის არაერთი მოთამაშისთვის საკმაოდ რთული იყო. სწორედ ამიტომაც გვსურს განვიხილოთ ახალი მიდგომები და ახალი გადაწყვეტები, იმისთვის, რათა DNS ინდუსტრიამ მდგრადი განვითარება განაგრძოს. მაგალითად, დღეს განვიხილეთ თუ როგორი მიდგომები ჰქონდათ მათ იმისთვის, რათა პანდემიის მიუხედავად, განეგრძოთ უწყვეტი ფუნქციონირება.
ამას გარდა, განვიხილეთ თუ როგორ იცვლება ბაზარი, როგორ იცვლება ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ კიბერუსაფრთხოებისა და ტექნიკური საკითხების შესახებაც. ასევე რა როლი ექნება DNS-ს ინტერნეტის განახლებულ ეკოსისტემაში, 5G ქსელი, IoT თუ სხვა სისტემები სწორედ DNS-ის დახმარებით მოქმედებენ. შესაბამისად ეს არის საკმაოდ ფართო ფორმატის მქონე დისკუსია.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა არის IDN და UA და რა მნიშვნელობა აქვთ მათ საქართველოსთვის?

IDN-ი ნიშნავს საერთაშორისო დომენის სახელებს, ეს არის სახელები და მისამართები, რომლებიც არალათინური დამწერლობით შეიძლება იყოს აკრეფილი, თუმცა მათი მეშვეობით მომხმარებლებს მისამართის აკრეფა შეუძლიათ. ჩვენ IDN დომენების გამოყენების შესაძლებლობა არაერთ ენაზე გვაქვს, მაგალითად ქართულად, სომხურად, ჩინურად თუ არაბულად არის შესაძლებელი ინტერნეტ მისამართების (URL) გამოყენება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი რეგიონი IDN-ების ათვისებით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა.

UA- ანუ უნივერსალური მიმღებლობა არის პრინციპი, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ ყველას შეეძლოს მრავალენოვანი სახელებისა და კოდების გამოყენებით ინტერნეტთან წვდომის დამყარება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა გამოწვევები არსებობს დღეს DNS-ისთვის მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში? როგორც კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე სხვა მიმართულებებითაც?

დიახ, ეს საინტერესო კითხვაა. კიბერუსაფრთხოების საკითხზე გიპასუხებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ლოკალიზებული პრობლემა და ის ვერ იქნება ლოკალიზებული პრობლემა, რადგან აქტორები, რომელთაც ზიანის გამოწვევა სურთ გლობალურად არიან განაწილებული. ეს კი ნიშნავს, რომ ინტერნეტის საბაზისო ინფრასტრუქტურა თანაბრად მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, აქ ჩვენ გლობალურ საფრთხეებზე ვსუაბრობთ.
ჩვენ ICANN-ში საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობთ ამგვარი საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობას. ფიშინგი სწორედ ამის მაგალითია. მაგალითად, თქვენ ცდილობთ შეხვიდეთ ინტერნეტ ბანკში, თუმცა ამ დროს არის მცდელობა, რომ თქვენ მოტყუებით სხვა მისამართზე გადაგიყვანონ და თქვენი საბანკო მონაცემები მოიპარონ. DNS-ის უსაფრთხოებას ამ შემთხვევაში კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ჩვენი რეგიონის გამოწვევებს, აქ შეიძლება გამოიყოს რეგულაციური მიმართულებებით შექმნილი გამოწვევები. ამ მიმართულებითაც ICANN-ი მუშაობს მსოფლიოს ქვეყნების რეგულატორებთან, რათა მათ გავუზიაროთ ჩვენი უახლესი ტექნიკური გამოცდილება, რათა დაცული იყოს ინტერნეტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და საიმედოობა.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები