მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრესიული ჯიშის ძაღლების გამრავლება, შესაძლოა, აიკრძალოს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

634e91a4636f6
მარიამ დემეტრაშვილი
18.10.22 16:02
949
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც აგრესიული ჯიშის ძაღლების მოვლა-პატრონობის, გასეირნების, გამრავლების და უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.

როგორც სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა, კანონპროექტზე დარგის სპეციალისტები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლები მუშაობენ.

საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია შესული და მისი განხილვა მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

„დოკუმენტი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც ზოგადად ამ სფეროს დასარეგულირებლად არის საჭირო, მათ შორის უკონტროლო გამრავლება, ცხოველთა უფლებები და ა.შ. კანონპროექტში შემუშავებულია აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხა. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია კონკრეტული ჯიშების დასახელებებიც და მახასიათებლებიც, მაგალითად ძაღლის სიდიდე და ა.შ.

გაზიარებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ნორვეგიის, გერმანიის, სერბეთის, საფრანგეთის და ამერიკის გამოცდილება. იქ რა რეგულაციები, შეზღუდვები და ცხოველთა უფლებების კუთხით რა გარანტიებიც მოქმედებს, ის არის გაზიარებული ამ კანონპროექტში“, - განაცხადა კახაბერ იოსელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს.

„მაგალითად, პიტბულის ჯიშის ყოლა, გამრავლება, გასხვისება და შემოყვანა ნორვეგიაში საერთოდ აკრძალულია. როცა ეს შეზღუდვა ძალაში შევა, მას არ ექნება უკუძალა და იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე ჰყავთ ამ ჯიშის ძაღლები, არ მოუწევთ, რომ მათზე უარი თქვან“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება შესაძლოა 16 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები