მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის პროგრამით დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა - ცვლილებები

აგროდაზღვევა ვენახი

საქართველოს მთავრობის 16 აპრილის დადგენილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი - ნაცვლად 10 ჰექტარისა, ფერმერები შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას; მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, ნაცვლად 50 ჰექტარისა, არაუმეტეს 100 ჰექტარს.

“მცირდება, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრება 15 დღით. ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში იცვლება დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სატელეფონო შეტყობინების ვადა და ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრება 72 საათით; აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ ფერმერებს სადაზღვევო შემთხვევის დროს შეტყობინების განხორციელებისთვის.

იცვლება ასევე სადაზღვევო ტარიფები; კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, იქნება სადაზღვევო ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, დამზღვევებს სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები. აღნიშნული ცვლილება ასევე ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას.” - წერია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები