კომპანია AgroNova Ltd, რომელიც ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინოვაციების აღმოჩენასა და დანერგვაზე მუშაობს, ახალ პროექტს იწყებს.
როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, მიხეილ გაბუნია BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, AgroNova აღმოსავლეთ საქართველოში 6 ჰექტარზე მოცვის მოყვანის ინოვაციური პროექტის განხორციელებას გეგმავს.
გაბუნიას თქმით, პროექტის ინოვაციურობა კლიმატური პირობების სწორად გამოყენებაა, რაც მოსავალს ისეთ პერიოდში უზრუნველყოფს, როდესაც ბაზარზე კონკურენცია შედარებით დაბალია.
„პირველად, აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ თავად დავიწყებთ 6 ჰექტარზე მოცვის მოყვანის პროექტს. ეს კონცეფცია საშუალებას იძლევა, რომ მოცვის მოსავალი მივიღოთ იმ პერიოდში, როდესაც ბევრ წამყვან ექსპორტიორ ქვეყანაში და დასავლეთ საქართველოშიც მოსავლის აღება უკვე დასრულებულია, ხოლო ცალკეულ საერთაშორისო ბაზრებზე სეზონი ჯერ არ დაწყებულა“, – განმარტავს გაბუნია.
მისივე თქმით, კომპანია ორი ათწლეულის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს აგროსექტორის განვითარებაზე: „ეს არის ბიზნესი, რომელსაც წარმატებისთვის სჭირდება კაპიტალური დანახარჯები, მათ შორის ინოვაციურ ტექნოლოგიებში, აგრეთვე შესაბამისი საოპერაციო ხარჯები. იმისთვის, რომ ინვესტიციიდან მაღალი ამონაგები მიიღოს, ფერმერი ბევრად უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს, ვიდრე დღეს. სწორედ ამ ეფექტიანობის გაზრდაში ვცდილობთ დავეხმაროთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.



























