აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის თქმით, აგროსექტორში კერძო ფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეულწილად შეფერხებები და პრობელემები შეიჩნევა. ამის შესახებ მან კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში - კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში“ - ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეხვედრაზე მოკვლევის დასკვნის პროექტსა და რეკომენდაციებზე დაინტერესებულ პირებთან ერთად იმსჯელეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განმარტა, რომ მოკვლევის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
„სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, ფაქტობრივად, სახელმწიფო ახორციელებს და სოფლის მეურნეობა ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებასა და პროგრამებზე არის დამოკიდებული, თუმცა რა თქმა უნდა, პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ სექტორს კერძო ფინანსებზეც ჰქონდეს ხელმისაწვდომობა. ამ კუთხით საქართველოშიც შეიმჩნევა გარკვეულწილად შეფერხებები და პრობლემები, რაც გამოიკვეთა კიდეც თემატური მოკვლევის პროცესში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მოკვლევის პროცესში შეხვედრები გაიმართა ფერმერებთან, დარგობრივი ასოციაციების და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და ის ძირითადი საკითხები განისაზღვრა, რომლის გადაწყვეტამაც აგრომეწარმეებისთვის კერძო ფინანსებზე წვდომას უნდა შეუწყოს ხელი.
ნინო წილოსანი განმარტავს, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოვლენილ მიგნებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები სახელმწიფო და კერძო სექტორისადმი იქნება მიმართული.
“მოვუსმინეთ თავად ასოციაციის წევრებს, ფერმერებს და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც და გამოიკვეთა, რომ ის პრობლემები, რაც დაკრედიტების პროცესში იქმნება, სექტორის დაბალმოგებიანობა და მაღალრისკიანობაა, რადგან სექტორი გარემოპირობებსა და კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული და შესაძლებელია, მთელი წლის მოსავალი ამ პირობებიდან გამომდინარე დაიკარგოს.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება, ერთი მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის დიდწილად სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რადგან სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის მოწყობა, რომელიც გაუადვილებს საფინანსო სექტორს ამ ინფორმაციით სარგებლობას, ფერმერების კუთვნილ საქონელთან თუ მოსავალთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, რეკომენდაციები, რაც, რა თქმა უნდა, სავალდებულო ვერ იქნება, მიემართება კერძო სექტორს, ახალი პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს სასაწყობო ხელწერილი თუ სხვა საფინანსო პროდუქტი, რომელიც ფერმერებს კერძო ფინანსებით სარგებლობას უფრო მეტად გაუადვილებთ”, - ამბობს ნინო წილოსანი
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ მიკრობანკების შექმნა სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებზე გამახვილდა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის ექსპერტმა ილია თამარაშვილმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მოკვლევის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ძირითადი აქცენტები სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებზე გააკეთა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, დარგობრივი ასოციაციების, საფინანსო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.