ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარება თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს და მხარდაჭერის ერთიან სისტემას ამკვდრებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა აერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას.
„თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენასა და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ.
„აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. გვინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის პერსპექტივა.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის, პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში - 40%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
„მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.
სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა – ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ცოდნაში.
შედეგები ხელშესახებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა პრემიერმა




























