მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროთანადაფინანსების პროგრამა იყო დროული და კარგი - მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე

ხორბალი

"ეს იყო დროული და კარგი," - ასე აფასებს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებს, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდა.

მთავარი ცვლილება პროექტების დამტკიცების მოდელს ეხება: თუ აქამდე ბიზნესგეგმებს ბანკები განიხილავდნენ, ამიერიდან ამ ფუნქციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეითავსებს, ხოლო საფინანსო ინსტიტუტებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება ევალებათ.

"ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროექტია დღესდღეობით მესაქონლეობის რეალური განვითარებისთვის. ვიტყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება დროული იყო, რადგან აქამდე არსებული 11%-იანი სუბსიდია, რომელიც 10 მილიონამდე თანხას მოიცავდა, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფერმერებს ევროპაში გაძვირებული მაღალპროდუქტიული პირუტყვი შემოეყვანათ. მისი ფასი უკვე 10-11 ათას ლარამდე ავიდა, რაც ფერმერისთვის შეუძლებელი და არარენტაბელური იყო, რადგან ამ ფასად შეძენილი პირუტყვით ბიზნესი წარმატებული ვერანაირად ვერ იქნებოდა.

ამიტომ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ სახელმწიფო ამ პროცესში 50%-იანი გრანტით შემოსულიყო. როდესაც ფერმერი ან მეწარმე გადაწყვეტს, რომ განავითაროს ფერმა (თუნდაც დაიწყოს თავიდან, ან არსებული მეურნეობა გააუმჯობესოს), ამ შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენენ მონიტორინგს, ადგენენ ბენეფიციარის მდგომარეობას, ფერმერი იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და ამის შემდეგ, უკვე დამტკიცებული პროექტით, მიდის ბანკში. ამ შემთხვევაში კარგი ის არის, რომ 11%-ის ნაცვლად პროცენტი დაბლა წამოვიდა და ვადაც შემცირდა, მაგრამ ამ დროში ფერმერი სამაგიეროდ იღებს 50%-იან გრანტს, რაც ხელს უწყობს, რომ ეფექტურად და სწრაფად განავითაროს ან გადააკეთოს ფერმა და მოახდინოს მისი მოდერნიზაცია.

როგორც იცით, არსებული პირუტყვის შემთხვევაში სულადობას ხშირად სჭირდება განახლება. ადგილზე წარმოებული სანაშენე პირუტყვი ხშირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამიტომ კვლავ ჩნდება იმპორტის საჭიროება, რადგან ბაზარზე ძალიან დიდი სიმცირეა. თუ ჩვენ გვინდა პირველი, უმაღლესი ხარისხის რძე, ამისთვის საჭიროა მაღალპროდუქტიული პირუტყვი, რომელიც ქვეყანაში დეფიციტურია და აუცილებლად იმპორტირებული უნდა იყოს, განსაკუთრებით უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს პროექტი ზუსტად იმას ემსახურება, რომ განავითაროს ფერმები და ადგილობრივ ბაზარზე გაზარდოს რძის რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი ნამდვილად დროული და კარგია", - განაცხადა ბენიანიძემ "საქმიან დილაში".

აგროთანადაფინანსების პროგრამაში შესული ცვლილებები შეეხო ძირითადი საშუალებების დაფინანსების პირობებსაც, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტი 11%-დან 9%-მდე; ლიზინგის შემთხვევაში — 12%-დან 10%-მდე; ხოლო სუბსიდირების მაქსიმალური ვადა 48-დან 36 თვემდე შემცირდა. ეს შეზღუდვები არ ეხება საბრუნავ საშუალებებს, სადაც პირობები უცვლელი რჩება.

მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დახმარების პროგრამა საქართველოში პირუტყვის რაოდენობას გაზრდის და იმპორტის მოცულობას შეამცირებს.

"ამ პროექტის მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც აღვნიშნეთ, არსებულ ფერმებში პირუტყვის რაოდენობა შემცირებულია, რძე კი დეფიციტურ პროდუქტს წარმოადგენს. ამ დეფიციტის შესავსებად, ასევე ფხვნილისა და იმპორტირებული მზა პროდუქციის ჩასანაცვლებლად, აუცილებელია ახალი სულადობის შემოყვანა.

ამ პირუტყვის ფასი ზოგ შემთხვევაში გაორმაგებულია. მაგალითად, თუ რამდენიმე წლის წინ ერთი სული პირობითად 1700–1800 ევრო ღირდა, დღესდღეობით მისი ფასი 3600 ევრომდე ადის. წარმოიდგინეთ, რამხელა ზრდაა. ეს გამოიწვია იმამ, რომ ევროპაში ფერმების რაოდენობა მცირდება. ეს პროექტი, ერთის მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანაში პირუტყვის სულადობას გაზრდის, მეორეს მხრივ კი, რძესთან ერთად, ხორცის წარმოებასაც შეუწყობს ხელს. მაგალითად, ჩვენ პირადად უკვე დავიწყეთ 1000-სულიანი ფერმის მოწყობა, რომელიც მეხორცული მიმართულების იქნება ანუ, მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ვიმუშავებთ და ხორცის დეფიციტსაც შევეშველებით. ამგვარად ქვეყანაში უამრავი ფერმა გაჩნდება. რა თქმა უნდა, გამოწვევებიც იქნება, თუმცა სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროექტი ძალიან კარგი და დროული იყო, რათა ბაზარზე კონკურენციის გაწევა შევძლოთ", - განაცხადა ნიკოლოზ ბენიანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები