მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ბიურო “ბარამბოს” 11%-იან წილს ყიდის

620baba3410af
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.22 17:44
5039
აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოში საკონდიტრო ნაწარმის ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიის - “ბარამბოს” 11.25%-იან წილს აუქციონის გზით ყიდის. ეს წილი ნიკოლოზ შაქარაშვილს ეკუთვნის, თუმცა ის სასამართლოს მიერ 2013 წლიდან არის დაყადაღებული, ახლა კი სახელმწიფო მას აუქციონის გზით ყიდის.

“ბარამბოს” ძირითადი აქციონერია მერი ჩოჩელი, რომელსაც კომპანიის 66.25% ეკუთვნის, 22.5%-იანი წილის მფლობელი კი უჩა კაპანაძეა.

აუქციონის გვერდზე მითითებულია, რომ კომპანიის 11.25%-იანი წილის საწყისი ფასია 1,516,472 ლარი, თუმცა, ამ წილის ღირებულება ექსპერტული დასკვნის მიხედვით 2 მილიონი ლარია.

აუქციონი გუშინ გამოცხადდა და ის 22 თებერვალს სრულდება.

“სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შპს „ბარამბო“-ში არსებული 11.25% წილი, რომლის ღირებულებაც 01.11.2021 წლის შეფასების დასკვნის თანახმად შეადგენს 2,021,963 ლარს. ექსპერტს წარედგინა შპს "ბარამბო"-ს მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია, სადაც მოცემულია აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც მოიცავს ბალანსს, მოგება/ზარალის ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგებას და სხვა შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას”- ნათქვამია eAuction-ის პორტალზე.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ბარამბოს” შემოსავალმა 2020 წელს 44.5 მილიონი, 2019 წელს კი 48.5 მილიონი ლარი შეადგინა. 2020-ში კომპანიას 4.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, ასევე ზარალიანი იყო 2019 წელიც, როდესაც კომპანიის ზარალი 1 მილიონი ლარი იყო.

“ბარამბოს” აქტივები 71.6 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 39 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები