2024 წლის აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 13.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიოციო ბანკში იმ ძირითად მიზეზებს განმარტავენ, რამაც ბუნებრივი აირის გაძვირება განაპირობა.
„ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგი იყო. მათ შორის, ომი რუსეთის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნებში (ეგვიპტეში) გაჩენილი მოთხოვნა და ნორვეგიული გაზსადენის სამუშაოები. თვის დასაწყისში უკრაინამ თავისი ყველაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის ოლქში და მალევე დაიკავა ქალაქი სუჯა. სუჯაში მნიშვნელოვანი გაზის სატრანზიტო წერტილია განთავსებული, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. სუჯას გავლით გატარებული გაზი ევროპის ჯამური მოხმარების დაახლოებით 3-5%-ია და მისი ტრანზიტის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლოს იწურება, თუმცა გაჩნდა მოლოდინი, რომ შეფერხებები მაინც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე. შესაბამისად, ფასები სიახლის გავრცელებისთანავე გაიზარდა და წლის ყველაზე მაღალ ნიშნულსაც მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ქალაქის უკრაინელების ხელში გადასვლის შემდეგ, გატარებული გაზის მოცულობა არ შეცვლილა, სხვა ფაქტორების დამსახურებით ფასი მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.
ევროკავშირის მოხმარებაში მნიშვნელოვნად იზრდება გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) წილი. მისი შედარებით მარტივად ტრანსპორტირებადობიდან გამომდინარე (გაზსადენის აირისგან განსხვავებით, რომელიც რეგიონალური პროდუქტია) ევროპას ახლა LNG-ის სხვა მყიდველებთან უწევს კონკურენცია, განსაკუთრებით კი განვითარებად აზიასთან. კონკურენციას ეგვიპტეც დაემატა, რომელსაც ცხელი ამინდების გამო წარმოების შემცირება მოუწია. ზამთრის თვეებისთვის მოსამზადებლად ქვეყანა LNG-ის 20 პარტიის შეძენას გეგმავს.
ნორვეგიამ, რომელიც ევროპის გაზის მოხმარების 30%-ს აკმაყოფილებს, თავის გაზსადენებზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ვინაიდან სამუშაოები დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მას ბაზარზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ აქვს, თუმცა რაიმე სახის შეფერხებამ ან სამუშაოების გაჭიანურებამ შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსური სამუშაოების დროს მისი გაჭიანურება არც თუ ისე უჩვეულოა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
Galt & Taggart-ში აქვთ მოლოდინი, რომ მომავალ თვეებში ბუნებრივი აირის ბაზარზე სტაბილურობა იქნება.
„ევროპის გაზსაცავების თითქმის სავსე მარაგები შედარებით დამაიმედებელია - მან უკვე 91%-ს გადააჭარბა, მაშინ როცა ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელი 90%-ია. დამატებით, ჩინური მარაგებიც უჩვეულოდ მაღალ ნიშნულზეა, რაც ნაწილობრივ გასულ თვეებში დაფიქსირებული სუსტი ეკონომიკური აქტივობის შედეგია. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მომავალ თვეებში ბაზარზე სტაბილურობის მოლოდინია, მაგრამ თუ ზამთარი მოსალოდნელზე ცივი იქნება ბაზარზე ვოლატილობა გაჩნდება“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.