აგვისტოში საბანკო დაკრედიტების მოცულობა 642 მილიონი ლარით, 66.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი. შესაბამისად, კრედიტების მოცულობა გასულ თვეში 1%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი დაკრედიტება 14.8%-ით არის მომატებული.
ეროვნული ბანკის თანახმად, გასულ თვეში სესხების ზრდა ძირითადად ლარის სესხებს უკავშირდებოდა, კერძოდ, ლარში მატება 351 მილიონ ლარს, უცხოურ ვალუტაში კი 290 მილიონ ლარს შეადგენდა.
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.77 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.17%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.97 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.86%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94 %-ით მეტი).
2025 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.12%-ით, ანუ 381.86 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 34.59 მილიარდი ლარი შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.59% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.027 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით).




























