აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) მხოლოდ ერთი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი მოცულობა 285 ლარს შეადგენს.
თვის განმავლობაში დაფიქსირებული ერთადერთი ტრანზაქციის წყალობით, ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ 12 ლარს მიაღწია, რაც გასული თვეების მაჩვენებლებთან შედარებით პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ივნისსა და ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა.
ზოგადად, 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვის დამახასიათებელი იყო - 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა.
GSE ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მილიონ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს, მისი მოვალეობის შემსრულებლად ნინო ქურდიანი ინიშნება.




























