მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"AI აუცილებლად გავრცელდება და მთელ მსოფლიოს მოიცავს" - Google-ის CEO რეგულაციებზე

google
სტატიაში საუბარია:

"ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად გავრცელდება და ყველა ქვეყანას მოიცავს" - ამის შესახებ Google-ის აღმასრულებელი დირექტორი, სანდარ პიჩაი Bloomberg-თან ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, AI რეგულაციებთან დაკავშირებით გლობალური კონსენსუსის მიღწევა მარტივი არ იქნება, თუმცა მათი შემუშავება საერთო ინტერესია.

"გლობალური კონსენსუსი მარტივი არ იქნება. ბუნებრივია, არ არსებობს ცალმხრივი უსაფრთხოება, რომელსაც დაცვა სჭირდება, ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ამ უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ. თუ AI ერთ ქვეყანაში არასწორად განვითარდება, ამას გავლენა ყველა სხვა ქვეყანაშიც ექნება. რაღაც მხრივ, ეს კლიმატის ცვლილებას ჰგავს - ეს პლანეტა ყველასთვის საერთოა, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტი.

ამიტომ, რეგულაციების კუთხით პროგრესის მისაღწევად გლობალური ჩარჩოების შემუშავებაა საჭირო. ეს პროგრესი ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უკვე დავინახე და ვფიქრობ, დასაწყისისთვის ესეც კარგია. იმავეს ვიტყოდი ბრიტანეთის სამიტზე და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მცდელობებზე, ამ გზით წავიდეს. ამ პროგრესის წამახალისებელი განცხადებები მაშინაც მოვისმინეთ, როდესაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს AI-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვისკენ მოუწოდეს", - განაცხადა Google-ის CEO-მ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ჩინეთი ამ დიალოგის მონაწილე, პიჩაი განმარტავს, რომ მათ გარეშე პროგრესი ვერ მიიღწევა.

"ვფიქრობ, გრძელვადიანი პროგრესის მიღწევა, ჩინეთისა და ამერიკის დიალოგის გარეშე, შეუძლებელია. ამიტომ დიახ, ჩინური უწყებები უნდა იყვნენ ამ პროცესში ინტეგრირებული და მოხარული ვარ, რომ ამის მომსწრე ვხდები.

ჩვენ საძირკვლის ჩაყრა გვჭირდება და კარგი ისაა, რომ ჯერ კიდევ AI-ის ტექნოლოგიის განვითარების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, ამიტომ საძირკვლის ჩაყრა საშუალებას მოგვცემს, დროთა განმავლობაში სხვადასხვა პრობლემაზე ვიზრუნოთ და საერთო საკანონმდებლო ჩარჩო შევქმნათ", - ამბობს სანდარ პიჩაი.

Bloomberg-თან ინტერვიუში Google-ის CEO-მ აშშ-ის AI სექტორისათვის ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს.

"რაც ცალსახად ჩანს ისაა, რომ AI-ში ისინი დიდ ინვესტიციას დებენ. ჩინეთში AI-ის კვლევის მასშტაბები შეუფასებელია. ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე აუცილებლად იქნება, ეს მოცემულობაა. ამიტომ საინტერესო კითხვა ისაა, როგორ უნდა იმუშაონ სხვა ქვეყნებმა, რომ AI-ის მიმართულებით პროგრესს მიაღწიონ და როგორი საკანონმდებლო ჩარჩო შევიმუშაოთ იმისთვის, რომ თითოეულმა ქვეყანამ შეძლოს თანაარსებობა სამყაროში, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ყველგანაა", - განაცხადა პიჩაიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები