მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI, ბირჟები, ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა – რას ფიქრობს კრისტინ ლაგარდი?

ecb ლაგარდი

დღეს ევროპის ცენტრალურ ბანკზე ვისაუბრებთ, უწყებაზე, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს ევროკავშირის ეკონომიკურ მომავალს. ამ უწყების სათავეში ფრანგი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, კრისტინ ლაგარდი დგას, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია.

ლაგარდის ხელმძღვანელობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0%-დან 4.5%-მდე გაზარდა, რითაც ევროპაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ეპოქა დაიწყო.

ცოტა ხნის წინ, ლაგარდმა Bloomberg-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან საფონდო ბირჟებზე, ინფლაციაზე, მონეტარულ პოლიტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

პირველ რიგში, ინფლაციის საკითხით უნდა დავიწყოთ, რადგან ECB-ის პოლიტიკას ყველაზე მეტად სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს. ლაგარდის შეფასებით, სამომხმარებლო ფასების დაძლევის კუთხით ცენტრალურმა ბანკმა უდიდეს პროგრესს მიაღწია, თუმცა გამარჯვების ზეიმი ჯერაც ნაადრევია.

"ინფლაციაზე საუბარი წინა წელთან შედარებით უნდა დავიწყოთ. თუკი ბოლო ორი წლის მონაცემებს ავიღებთ, დავინახავთ, რომ ინფლაცია შემცირებულია, თანაც საკმაოდ მკვეთრად. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ საბაზისო ინფლაცია ჯერაც არ არის ახლოს სამიზნე 2%-იან ნიშნულთან, რასაც ჩვენთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით ერთ წელიწადში მოახერხა და 10%-იანი ინფლაცია თითქმის 3%-მდე შეამცირა, რაც დიდი მიღწევაა, თუმცა გამარჯვების ზეიმი ჯერაც ნაადრევია. ჩვენ გვაქვს სურვილი და საშუალება იმისა, რომ ევროზონის მასშტაბით ინფლაცია 2%-მდე შევამციროთ და ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ევროპაში სამომხმარებლო ფასების ზრდის პრობლემა აუცილებლად დაიძლევა".

კრიტინ ლაგარდმა შესაძლო რისკებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ყველაზე დიდი რისკი მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად სწრაფად შემსუბუქება და ამით გრძელვადიანი სტრატეგიის საფრთხის წინაშე დაყენება იქნებოდა.

"თუკი რაიმე სახის კრიზისი არ დაიწყო ან მოულოდნელი შოკი არ მოხდა, დარწმუნებით ვიტყვი, რომ ინფლაციამ პიკურ ნიშნულს უკვე მიაღწია. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იქამდე მოგვიწევს, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ინფლაცია სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდა. მართალია, ჩვენი კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ზედმეტად მკაცრები ვართ, თუმცა მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი რისკის წინაშე მაშინ აღმოვჩნდებოდით, თუკი რეფინანსირების განაკვეთს მკვეთრად გავზრდიდით, შემდეგ მას მალევე შევამცირებდით და ამით ინფლაციის დაძლევას ვერ მოვახერხებდით. ასეთ შემთხვევაში განაკვეთის გაზრდა თავიდან მოგვიწევდა, ეს კი ეკონომიკისთვის ზედმეტი შოკი იქნებოდა და ჩვენს ორწლიან შრომას წყალში ჩაყრიდა".

Bloomberg-ის ჟურნალისტმა ევროპის მთავარ ბანკირს ერთი საინტერესო შეკითხვა საფონდო ბირჟებთან და ინვესტორების მოლოდინთან დაკავშირებითაც დაუსვა, რაზეც ლაგარდმა დაუყოვნებლივ უპასუხა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს აბსოლუტურად სხვა ამოცანა აქვს, საფონდო ბირჟის მონაწილეებს კი - სხვა.

"ბირჟასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. ინვესტორებსა და ტრეიდერებს სხვა მიზნები აქვთ, ცენტრალურ ბანკებს კი - სხვა. ჩვენი მიზანი ეკონომიკური სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფაა, საფონდო ბირჟის მონაწილეები კი ფინანსური სარგებლის მიღებაზე არიან ორიენტირებულნი, შესაბამისად, ჩვენს ძირითად მოტივებს შორის არსებითი აცდენაა. ჩვენ ვითარებას გრძელვადიანი პერსპექტივიდან ვაფასებთ და გადაწყვეტილებებს მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვიღებთ. საფონდო ბირჟა გაცილებით სწრაფია, ამიტომ მათ მოლოდინებს ჩვენს გადაწყვეტილებებში უბრალოდ ვერ გავითვალისწინებთ. აქვე კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, რომ მონეტარული პოლიტიკა დაყოვნებით მუშაობს, ანუ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ინფლაციის შემცირებას მომენტალურად არ იწვევს და რეალური ეფექტის ხილვას ხშირად რამდენიმე თვე და წელიწადი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ცენტრალურ ბანკირებს მოთმინება გვმართებს და ჩვენი საქმეც ეს არის".

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა უწყებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზეც ისაუბრა. ლაგარდის განმარტებით, ECB-ში AI-ს აქტიურად იყენებენ მონაცემების ანალიზის მიმართულებით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ის ჩართული არ არის, რადგან ასეთი საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად ხელოვნური ინტელექტი ჯერ მზად არა არის.

"ჩვენი დიდი რაოდენობით მონაცემებს ვაგროვებთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემების დახარისხებაში და ანალიზში გვეხმარება. ასევე, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ AI-მოდელებს და სხვადასხვა ტექნიკურ ინდიკატორებს, რათა ვითარება მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასოთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ხელოვნური ინტელექტი არ მონაწილეობს და ამ უაღრესად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრები პირადად იღებენ, თავიანთი ინდივიდუალური განსჯის საფუძველზე. ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ამისათვის ჯერ მზად არ არის, თუმცა ვნახოთ, მომავალში რა იქნება".

აი, სწორედ ასეთი გზავნილები ჰქონდა ECB-ის ხელმძღვანელს მონეტარულ პოლიტიკასთან, ინფლაციასთან, საფონდო ბირჟებთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.