მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"AI ძალაუფლება რამდენიმე გლობალური გიგანტის ხელში კონცენტრირდება" - კვლევა

ai

ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ბუმს არა ინოვაციების გაფანტული ტალღა, არამედ უაღრესად მძლავრი კომპანიების ის შედარებით მცირე ჯგუფი განაპირობებს, რომელთა გავლენა ახლა უკვე მიწოდების ჯაჭვებზე, კაპიტალის ბაზრებსა და ეროვნულ ეკონომიკურ დაგეგმარებაზე ვრცელდება.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ბიულეტენში ეკონომისტები (ჯონ ფროსტი, კუმარ რიშაბი და ვაცალა შრიტი) ამტკიცებენ, რომ რამდენიმე "გლობალური AI გიგანტი" მსოფლიო ეკონომიკისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო მათი ინვესტიციებისა და ოპერაციების მასშტაბი, ტექნოლოგიის განვითარებაზე უპრეცედენტო გავლენას ანიჭებთ.

კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი არ არის ერთი ინდუსტრია, არამედ წარმოადგენს მრავალშრიან ეკოსისტემას, რომელიც მოიცავს სპეციალიზებულ ჩიპებს, ღრუბლოვან (Cloud) ინფრასტრუქტურას, მონაცემთა სისტემებს, საბაზისო მოდელებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ აპლიკაციებს. თითოეული ამ შრის შექმნა და შენარჩუნება უზარმაზარ საწყის კაპიტალს მოითხოვს - ნახევარგამტარების ქარხნებით დაწყებული, ჰიპერმასშტაბური მონაცემთა ცენტრებით დამთავრებული. ამასთან, სექტორის ეკონომიკა აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე ოპერირება. მაღალი ფიქსირებული ხარჯებისა და შრეებს შორის ინტეგრაციის ამგვარმა კომბინაციამ ბუნებრივად შეუწყო ხელი ძალიან დიდ კომპანიებს, რომლებსაც რესურსების გლობალური მასშტაბით მობილიზება შეუძლიათ.

პუბლიკაცია დომინანტი ფირმების უმეტესობის სამშობლოდ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ასახელებს, ხოლო დამატებითი კრიტიკული მოთამაშეები ტაივანში, სამხრეთ კორეასა და ნიდერლანდებში არიან ბაზირებული. ამ კომპანიებიდან ბევრი უკვე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კორპორაციებს შორისაა და მათი AI მიწოდების ჯაჭვის რამდენიმე რგოლში ყოფნა საშუალებას იძლევა, მოახდინონ სერვისების გაერთიანება, ხარჯების ოპტიმიზაცია და მომიჯნავე ბაზრებზე უფრო სწრაფად გადასვლა, ვიდრე მცირე კონკურენტებმა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უმსხვილესი AI კომპანიები თავიანთ იურისდიქციებში საბაზრო კაპიტალიზაციის სულ უფრო მნიშვნელოვან წილს იკავებენ. 2025 წლის ბოლოსთვის, რამდენიმე განვითარებულ ეკონომიკაში ასეთი კომპანიები სააქციო ბაზრის მთლიანი ღირებულების დაახლოებით 30-40%-ს შეადგენდნენ.

მათი წონა არ შემოიფარგლება მხოლოდ საფონდო ბირჟებით. ეს ფირმები პასუხისმგებელნი არიან კაპიტალური დანახარჯების, კვლევებზე გაწეული ხარჯებისა და ინდუსტრიული შემოსავლების მზარდ წილზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიცირება აღარ არის ნიშური ტექნოლოგიური ფსონი, არამედ - მაკროეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ანგარიში ვარაუდობს, რომ ამ კორპორაციებს ახლა შეუძლიათ, განსაზღვრონ საერთო საინვესტიციო ტენდენციები და გავლენა მოახდინონ თავად ინოვაციის მიმართულებაზე.

კვლევასა და განვითარებაზე (R&D) გაწეულმა მასიურმა ხარჯებმა, მონაცემთა ცენტრებისა და გამოთვლითი ინფრასტრუქტურის აგრესიულ მშენებლობასთან ერთად, მათ ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპის კარნახის საშუალება მისცა. როდესაც ეს ფირმები ზრდიან ინვესტიციებს, მომწოდებლები, სტარტაპები და მთავრობებიც კი ხშირად საპასუხოდ ცვლიან საკუთარ სტრატეგიებს, რაც აძლიერებს ეკონომიკურ ტალღოვან ეფექტებს.

ამ ფირმების ეკონომიკური კვალი უკვე შესამჩნევია ეროვნულ ანგარიშებში. ზოგიერთ ეკონომიკაში მხოლოდ მათი კაპიტალური დანახარჯები კერძო ინვესტიციების მნიშვნელოვან წილს შეადგენს. პუბლიკაცაიში მოყვანილი შეფასებები ვარაუდობს, რომ AI-სთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დიდ ეკონომიკებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რამდენიმე პროცენტს მიაღწია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ციფრული ინფრასტრუქტურა, როგორც ზრდის მამოძრავებელი, ტრადიციულ ინდუსტრიულ ინვესტიციებს უთანაბრდება.

საბოლოო ჯამში, BIS-ის ბიულეტენი ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიურ რევოლუციას, არამედ როგორც სტრუქტურულ ძვრას გლობალურ ეკონომიკაში. კომპანიები, რომლებიც აშენებენ AI სისტემებს, ხდებიან პროდუქტიულობის ზრდის, საინვესტიციო ნაკადების და გეოპოლიტიკური გავლენის "კარიბჭის მცველები". მათი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ სად ააშენონ მონაცემთა ცენტრები, რომელ ბაზრებზე შევიდნენ და რა ფასი დაადონ გამოთვლით რესურსებზე წვდომას, შესაძლოა სულ უფრო მეტად ახდენდეს გავლენას ეკონომიკურ შედეგებზე, ტექნოლოგიური სექტორის მიღმაც.

მაშინ, როცა ქვეყნები ერთმანეთს AI-ს ტრანსფორმაციული პოტენციალის ასათვისებლად ეჯიბრებიან, ანგარიში ასკვნის, რომ მთავარი გამოწვევა ინოვაციასა და მდგრადობას შორის ბალანსის დაცვა იქნება. მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, ხელოვნური ინტელექტის მომავალი კონცენტრირებულად რამდენიმე დომინანტურ ცენტრში დარჩება, თუ გარდაიქმნება უფრო განაწილებულ ეკოსისტემად, რომელიც თავის სარგებელს - და რისკებს - უფრო ფართოდ გაავრცელებს გლობალურ ეკონომიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები