2025 წელს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ვებგვერდებზე ვიზიტების საერთო რაოდენობამ 125.7 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 46%-ით მეტია.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს, საიდანაც 2025 წელს AI პლატფორმებზე ყველაზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა. მონაცემები ეფუძნება პლატფორმა AITools.xyz-ის კვლევას, რომელიც SEMrush-ისა და Ahrefs-ის ტრაფიკის შეფასებებს აერთიანებს 9 500-ზე მეტი AI ვებგვერდის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ მეტრიკა ითვლის ვებგვერდზე ვიზიტების რაოდენობას და არა უნიკალურ მომხმარებლებს - ერთ ადამიანს შეუძლია მრავალჯერ ეწვიოს საიტს, ხოლო სხვადასხვა პლატფორმაზე ვიზიტები ცალ-ცალკე აღირიცხება. გარდა ამისა, სტატისტიკა არ მოიცავს მობილური აპლიკაციების გამოყენებას, რის გამოც შესაძლოა შემცირებული ჩანდეს ისეთი ბაზრების მაჩვენებლები, როგორიც ჩინეთია, სადაც მომხმარებლები ძირითადად აპლიკაციებს ანიჭებენ უპირატესობას.
30 ქვეყანა, სადაც 2025 წელს AI ვებგვერდებზე ყველაზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა:
| ქვეყანა | AI ვებგვერდების ვიზიტები 2025 წელს (მლრდ) | წილი გლობალურ ვიზიტებში (%) | |
| 1 | აშშ | 26.92 | 21.4 |
| 2 | ინდოეთი | 11.96 | 9.5 |
| 3 | ბრაზილია | 7.02 | 5.6 |
| 4 | გერმანია | 4.57 | 3.6 |
| 5 | გაერთიანებული სამეფო | 3.84 | 3.1 |
| 6 | ინდონეზია | 3.66 | 2.9 |
| 7 | საფრანგეთი | 3.42 | 2.7 |
| 8 | იაპონია | 3.29 | 2.6 |
| 9 | კანადა | 2.96 | 2.4 |
| 10 | ფილიპინები | 2.93 | 2.3 |
| 11 | მექსიკა | 2.78 | 2.2 |
| 12 | ვიეტნამი | 2.67 | 2.1 |
| 13 | იტალია | 2.56 | 2.0 |
| 14 | ესპანეთი | 2.54 | 2.0 |
| 15 | ჩინეთი | 2.42 | 1.9 |
| 16 | რუსეთი | 2.38 | 1.9 |
| 17 | ავსტრალია | 2.29 | 1.8 |
| 18 | სამხრეთ კორეა | 2.26 | 1.8 |
| 19 | თურქეთი | 1.92 | 1.5 |
| 20 | პოლონეთი | 1.80 | 1.4 |
| 21 | კოლუმბია | 1.77 | 1.4 |
| 22 | პაკისტანი | 1.76 | 1.4 |
| 23 | ნიდერლანდები | 1.66 | 1.3 |
| 24 | ტაილანდი | 1.50 | 1.2 |
| 25 | მალაიზია | 1.35 | 1.1 |
| 26 | პერუ | 1.33 | 1.1 |
| 27 | არგენტინა | 1.29 | 1.0 |
| 28 | უკრაინა | 1.13 | 0.9 |
| 29 | ტაივანი | 1.13 | 0.9 |
| 30 | ნიგერია | 1.03 | 0.8 |
ინდოეთისა და ბრაზილიის მაღალ პოზიციებს ნაწილობრივ მათი მოსახლეობის სიმრავლე ხსნის, თუმცა რეიტინგში განსაკუთრებით მაღალ ადგილებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც იკავებენ: ინდონეზია მე-6 ადგილზეა 3.7 მილიარდი ვიზიტით, ხოლო ფილიპინები მე-10 პოზიციას იკავებს 2.9 მილიარდით.
ორივე მათგანი უსწრებს ისეთ შეძლებულ ეკონომიკებს, როგორებიცაა იტალია (2.6 მლრდ), ესპანეთი (2.5 მლრდ) და სამხრეთ კორეა (2.3 მლრდ).
რატომ არის ჩინეთი რეიტინგში შედარებით დაბალ პოზიციაზე?
ჩინეთი AI მოდელების განვითარებით მსოფლიოში მეორე ძალაა, თუმცა ამ სიაში ის მხოლოდ მე-15 ადგილს იკავებს 2.4 მილიარდი ვიზიტით.
ჩინეთის შედარებით დაბალი პოზიცია თავად კვლევის მეთოდოლოგიითაა განპირობებული: წამყვანი დასავლური AI პლატფორმები (მაგალითად, "ChatGPT", "Gemini" და "Claude") ჩინეთში შეზღუდულია, ხოლო ადგილობრივი ასისტენტები ("DeepSeek", "Doubao" და "Quark") მომხმარებელთა დიდ ნაწილს მობილური აპლიკაციების საშუალებით იზიდავენ. ვინაიდან ეს რეიტინგი მხოლოდ ვებგვერდების ტრაფიკს ითვლის და აპლიკაციებს გამორიცხავს, ის არ ასახავს ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეალურ მასშტაბებს.
გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერობაც განსხვავებულად გამოიყურება სხვა მეტრიკების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვებტრაფიკით პირველ ადგილზეა დიდი უპირატესობით, Microsoft-ის AI ადაპტაციის ინდექსში ის მხოლოდ 21-ე ადგილს იკავებს - აშშ-ში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 31.3% იყენებს ხელოვნურ ინტელექტს რეგულარულად, მაშინ როცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეს მაჩვენებელი 70.1%-ს აღწევს.
როგორც გლობალური მონაცემები აჩვენებს, AI ტექნოლოგიების დანერგვის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები, როგორც წესი, გაცილებით მცირე ზომის ეკონომიკებში ფიქსირდება.
























