მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI-ის ტრილიონიანი ბუმი: რეალური ინოვაცია თუ სპეკულაციური ბუშტი?

ბუშტი

OpenAI, NVIDIA და AMD ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ცენტრში დგანან, თუმცა მათი ბოლოდროინდელი გარიგებები სულ უფრო მეტ ეჭვს აჩენს „ცირკულარული ფინანსური სქემის” არსებობასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ ეს კომპანიები ერთმანეთს აფინანსებენ და იმავე ფულს ჩიპებისა და ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე ხარჯავენ, რომელსაც ისევ თავად იღებენ.

მაგალითად, NVIDIA-მ ახლახან გამოაცხადა, რომ OpenAI-ში 100 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად. სანაცვლოდ, OpenAI სწორედ NVIDIA-ს ჩიპებს შეიძენს Data-ცენტრების მოსამარაგებლად, ანუ NVIDIA-ს ინვესტიციით OpenAI ისევ NVIDIA-სგან შეიძენს პროდუქტს.

მალევე, OpenAI მსგავსი შეთანხმებით AMD-საც დაუკავშირდა, რომელშიც თავად განახორციელა ინვესტიცია, თუმცა მოგების ნაცვლად ჩიპების მიღების შეთანხმება გააფორმა, ამ შემთხვევაში, ფულს OpenAI ატრიალებს, რომელიც ერთდროულადაა ინვესტორი და მომხმარებელი.

Bloomberg-ის შეფასებით, OpenAI-ის მიერ გაფორმებული კონტრაქტები NVIDIA-სთან, AMD-თან და Oracle-თან ჯამში ტრილიონ დოლარს უახლოვდება. ამასთან, კომპანიას ჯერ არც მოგება აქვს და არც გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ზარალზე მყოფ სტარტაპს ენდობიან.

ყველაფერთან ერთად, OpenAI-მ Oracle-თან 300-მილიარდიანი პროექტიც დაიწყო, რომლის ფარგლებში Oracle-ი აგრეთვე NVIDIA-სგან ყიდულობს ჩიპებს — აქაც, ფული ისევ იმავე წრეში ტრიალებს და გარიგების ცენტრში ისევ სემ ოლტმენის სტარტაპია.

Morningstar-ის ანალიტიკოსის თქმით, თუ ხელოვნური ინტელექტის ბუშტი ოდესმე გასკდება, სწორედ ამ გარიგებების დამსახურება იქნება, რადგან მთელი AI-ინდუსტრია ერთ სტარტაპზე, OpenAI-ზეა დამოკიდებული.

ექსპერტების ნაწილი პროცესს 1990-იანების dot-com-ის ბუშტს ადარებს, როდესაც კომპანიები ზრდის ილუზიის შესაქმნელად ერთმანეთისგან ყიდულობდნენ პროდუქტებს და ფორმალურად გაზრდილი შემოსავლის სანაცვლოდ მეტ ინვესტიციას იზიდავდნენ.

თუკი სემ ოლტმენს დავუჯერებთ, მოზიდული ინვესტიცია რეალურად პროდუქტიული სერვისების განვითარებაზე იხარჯება, ამიტომ ინვესტორებს არაფერი აქვთ სანერვიულო, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზუსტად იმავეს იმეორებდნენ 90-იან წლებში ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც არაფერს ქმნიდნენ, გარდა ბუშტისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები