მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI-მოდელებმა ინფლუენსერების ჩანაცვლება დაიწყეს

Ai-ინფლუენსერი

სანამ ხელოვნური ინტელექტი ფინანსისტებს და იურისტებს ჩაანაცვლებდა, AI-მოდელებმა ინფლუენსერების ბაზრის დაკავება დაიწყეს. სილამაზის ინდუსტრიაში ახალი, ციფრული ერა დაიწყო, სადაც რეალურ ინფლუენსერებსა და მოდელებს კონკურენციას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული “დიპფეიკები” უწევენ, რომელთაც იდეალური სხეულის ფორმები, სახის ნაკვთები და თვისებები აქვთ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამჟამად სოციალური მედია სავსეა AI-დიპფეიკებით, რომლებიც სხვადასხვა ბრენდებს, ტანსაცმელებს, კოსმეტიკურ საშუალებებსა და კანის მოვლის პროდუქტებს უწევენ რეკლამას.

თავად ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის $32-მილიარდიან ინფლუენსერ-მარკეტინგ ინდუსტრიას, რადგან ბრენდები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ვირტუალურ ავატარებს, რომლებიც არასოდეს იღლებიან, არ სჭირდებათ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და არ ეხვევიან რეპუტაციულ სკანდალებში. ამასთან, მათ 24/7-ზე შეუძლიათ კონტენტის შექმნა და ფიზიკის კანონებს მიღმა გასვლა.

მთელი ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მხარე პიროვნების იდენტობის მოპარვაა. თაღლითები ხშირად იყენებენ პოპულარული პლასტიკური ქირურგებისა და ცნობილი ბლოგერების ვიზუალს – მათი თანხმობის გარეშე, რათა მომხმარებლები საეჭვო ხარისხის პროდუქციის შეძენაში დაარწმუნონ. მაგალითად, Instagram-სა თუ TikTok-ზე ხშირად ვრცელდება ვიდეოები, სადაც AI-პერსონაჟები თავს Victoria's Secret-ის მოდელებად ასაღებდნენ და თმის ზრდის ან კანის მოვლის “სასწაულმოქმედ” საშუალებებს ყიდიან.

გარდა ფინანსური ზარალისა, ეს პროცესი ამწვავებს სილამაზის არარეალური სტანდარტების პრობლემასაც. ციფრულ მოდელებს, როგორც წესით, აქვთ დაუჯერებლად გლუვი კანი და სიმეტრიული ნაკვთები, რისი მიღწევაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია. ცხადია, ყოველი მათგანი ფიტნეს-მოდელივით გამოიყურება, რაც დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმნის იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სოციალური მედიის მიმართ სენსიტიურობა გამოარჩევთ. ამასთან, AI-დიპფეიკები ხშირად ცნობილი მოდელების, მსახიობებისა და არტისტების სახით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რაც დამატებით სხვა პრობლემას წარმოადგენს.

ბოლო პერიოდში AI-მოდელების სიჭარბე ისეთ მწვავე პრობლემად იქცა, რომ Meta-მ და YouTube-მა ასეთი ტიპის ანგარიშებს მონეტიზაციის ფუნქციონალიც გაუთიშეს, თუმცა ეს მაინც არ უშლის ხელს კერძო კომპანიების მიერ AI-დიპფეიკების დაქირავებას და ინტერნეტში „სასწაულმოქმედი“ პროდუქტების გარეკლამებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები