სტარტაპ Anthropic-ის გენერალური დირექტორის, დარიო ამოდეის პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ხელოვნური ინტელექტი თანამდებობების ნახევარს გააქრობს.
როგორც AI-სტარტაპის ხელმძღვანელი ამბობს, AI-აგენტები არა უბრალოდ შეითავსებენ მენეჯერების და დაბალი რგოლის თანამშრომლების მოვალეობებს, არამედ ისინი ამ პოზიციებს ბაზრიდან უბრალოდ გააქრობენ.
ამოდეის პროგნოზით, ამ ცვლილების შედეგად, მომდევნო ხუთ წელიწადში, შესაძლოა, უმუშევრობის დონე 20%-მდე გაიზარდოს, რადგან AI-აგენტი ნებისმიერ თანამშრომელზე უფრო ეფექტიანი, ზუსტი და პროდუქტიული იქნება, რაც ზოგიერთ პოზიციაზე ადამიანების დასაქმებას აზრს დაუკარგავს.
მისი შეფასებით, ყველაზე დიდ დარტყმას ტექნოლოგიურ, საფინანსო, საკონსულტაციო, სადაზღვევო და იურიდიულ სექტორებში დასაქმებული პირები მიიღებენ, რადგან AI-აგენტები ამ მიმართულებით კოლოსალური ტემპით ვითარდებიან.
Claude AI-ის შემოქმედი იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკოსები და კანონმდებლები AI-ის პოტენციალს სათანადოდ ვერ აფასებენ და ვერ იაზრებენ, რომ ეს ტექნოლოგია ყოველწლიურად გაათმაგებული ტემპით ვითარდება. შესაბამისად, როდესაც დადგება დღე, როცა AI-აგენტების ეფექტიანობა ადამიანების 99%-ს გადააჭარბებს, მაშინ უკვე ამ ტექნოლოგიის შეზღუდვა შეუძლებელი გახდება და მილიონობით ადამიანი უმუშევრობის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ხელოვნური ინტელექტისგან მომავალი საფრთხისგან თავის დაზღვევის ერთადერთ გზად ამოდეის ისეთი კრეატიული და კომპლექსური პროფესიების დაუფლება ესახება, რომელსაც AI-ით აღჭურვილი რობოტები და აგენტები ვერ ჩაანაცვლებენ, ასეთი პროფესიების რაოდენობა კი ყოველდღიურად მცირდება.




























