ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტებზე ახალი რეგულაციები აამოქმედა, რაც ქვეყანაში არსებულ მწვავე დემოგრაფიულ კრიზისს და შობადობის რეკორდულ შემცირებას უკავშირდება.
როგორც ირკვევა, ახალი წესები ჩეთბოტებს არასრულწლოვნებთან ემოციური დამოკიდებულების, ვირტუალური რომანტიკული ან ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებას უკრძალავს.
ამასთან, სიცოცხლისთვის სახიფათო კრიზისული სიტუაციების გამოვლენის შემთხვევაში, ტექნოლოგიური კომპანიები ვალდებულნი არიან, მომხმარებლის მეურვეს ან საგანგებო სამსახურებს დაუკავშირდნენ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა Alibaba და TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance აიძულა, ჩეთბოტების გარკვეული ფუნქციები უკვე გამოერთოთ. ოფიციალური პეკინი შიშობს, რომ AI-პარტნიორები მოსახლეობას რეალური ურთიერთობებისგან აშორებს, რაც ქორწინების სტატისტიკაზე უარყოფითად აისახება.
ამასთან, ახალი წესების თანახმად, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტებმა საჯარო სივრცეში ჩაშვებამდე სამთავრობო შემოწმება უნდა გაიარონ, ხელისუფლებას კი საფრთხის შემცველი სერვისების გათიშვის უფლებამოსილება ეძლევა.
არსებული ინფორმაციით, ჩინეთის რეგულაციები მნიშვნელოვნად მკაცრია, ვიდრე აშშ-ის კალიფორნიისა და ნიუ-იორკის შტატებში მოქმედი ანალოგიური კანონები, რომლებიც კომპანიებს მხოლოდ იმას ავალდებულებს, რომ მომხმარებლებს ჩეთბოტის არაადამიანური ბუნება შეახსენონ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში დემოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 2025 წელს, ზედიზედ მეოთხე წელია, შემცირდა, შობადობის მაჩვენებელმა კი ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
ექსპერტების შეფასებით, ვირტუალურ რომანტიკულ პარტნიორებზე დამოკიდებულება და AI-შეყვარებულის ყოლის ტენდენცია მნიშვნელოვნად ამცირებს რეალური ურთიერთობების ჩამოყალიბების, წყვილების დაოჯახების და შვილების გაჩენის სტატისტიკას, რაც ამჟამად ჩინეთის წინაშე არსებულ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.




























