ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებზე. ავიარეისები თბილისსა და პეკინს შორის კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის განცხადებით, Air China-ს მიერ თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყება პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ხელშესახები შედეგია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ერთობლივი განვითარების შესახებ. ეს ცალსახად ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის დარგების დაახლოებას, რასაც ავიაკომპანია Air China-ს მიერ ქვეყნებს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყებაც ადასტურებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.




























