ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა. AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი
ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.
AIR FOOD ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას
სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას, სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით და შესაძლებელია მგზავრმა გაფრენისას თან წაიღოს, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ-დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს.
"ჩვენს აეროპორტს საკმაოდ ორიგინალური, ავიაციაზე ორიენტირებული და სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე კვების ობიექტი შეემატა. კიდევ უფრო მეტად გვახარებს, ის ფაქტი, რომ ახალი, კონცეპტუალური კვების ობიექტი ადგილობრივია. კონცეფცია 3 მიმართულებას აერთიანებს და რაც მთავარია, არის ქართული, ადგილობრივი ბრენდი და ასევე, ადგილობრივი მეწარმეების და მცირე მარნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად", - ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
ინფორმაციისთვის: ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული.