მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AIRBNB-ის ბაზარი მოკლევადიან პერიოდში განსაკუთრებით იზარალებს- Colliers Georgia კვლევას აქვეყნებს

5eb3d572ea0a8
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.20 20:00
1112
საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო პროგნოზები შედარებით პოზიტიურია დასვენების ტურიზმის მიმართულებით, თუმცა ნაკლებად იმედის მომცემი საქმიანი მოგზაურობების კუთხით, - ასეთ შეფასებას Colliers Internatinal Georgia სპეციალისტები, მათ მიერ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უძრავი ქონების მიმოხილვისთვის შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე გვთავაზობენ.

უძრავი ქონების საკონსულტაციო ჯგუფის ანალიზის მიხედვით, ამ პერიოდში სასტუმროების დატვირთვის შემცირების პარალელურად შემცირდება სასტუმროების ნომრების ღირებულებაც.

„დარგის სპეციალისტების მიხედვით, საქმიანი ტურისტები შეიკავებენ თავს ხშირი ფრენებისა და გადაადგილებისგან და გადაერთვებიან ონლაინ რეჟიმზე, ხოლო დასვენების მიზნით მოგზაურობის ჩანაცვლება ვერ მოხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოკლევადიან პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით აქტივობას არ უნდა ველოდოთ.

ამ სექტორისთვის მთავარი გამოწვევა მნიშვნელოვნად შემცირებული მოთხოვნა იქნება. სასტუმროებს მოუწევთ უპასუხონ შემცირებული სტუმრებით გამოწვეულ სირთულეებს და განაგრძონ მსუბუქ ეპიდემიურ პირობებში საქმიანობა - სანიტარული ნორმების მაქსიმალური უზრუნველყოფით.

რა თქმა უნდა მოსალოდნელია ნომრის საშუალო ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება. ეს პერიოდი განსაკუთრებულად რთული იქნება ადგილობრივი, დამოუკიდებელი საშუალო კლასის ბრენდებისთვის, რადგან მათ მოუწევთ საერთაშორისო ბრენდებთან ფასის კონკურენციაში შესვლა.

AIRBNB-ის ბაზარი მოკლევადიან პერიოდში განსაკუთრებით იზარალებს. სასესხო ვალდებულებების დროულად დასაფარად, საცხოვრებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შესაძლოა დასჭირდეთ დღიური გაქირავებიდან გრძელვადიანი გაქირავების მოდელზე გადასვლა.

მოსალოდნელია, რომ სამედიცინო გადაწყვეტის არსებობამდე, შეფერხდება სასტუმროს ნომრების სამომავლო მიწოდება. მიმდინარე წელს, თბილისში დაახლოებით 1,070 ნომერის მიწოდება იყო დაანონსებული. სავარაუდოა, რომ 2020 წლის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდება“, - ნათქვამია ტურისტული სექტორის მიმოხილვაში.

Colliers International Georgia-ს სპეციალისტები სასტუმროების სექტორში არსებული მოლოდინებისა და შესაძლებლობის ანალიზზსაც გვთავაზობენ, რომლის მიხედვით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.

„2019 წელს ქართველების (გამყვანი ვიზიტორები) მიერ უცხოეთში განხორციელებულმა დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 მილიარდი ლარი შეადგენა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 877 ლარი. შესაძლებელია, აღნიშნული ფულადი ნაკადების ადგილობრივი ტურიზმისკენ შემოტრიალება, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.

მსუბუქი პანდემიის პირობებში, სასტუმროების კონკურენტუნარიანობას განისაზღვრება იმით თუ რამდენად იქნებიან აღჭურვილნი სანიტარული დაცვის საშუალებებით და ექნებათ ახალი პროცედურები მათ სასტუმროში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აპრობირებული პრაქტიკა ხდება რობოტების გამოყენება, რომლებიც დახურულ სივრცეში ახდენენ დეზინფექციას. მნიშვნელოვანი იქნება ონლაინ მარკეტინგი და შეთავაზებების/პროდუქტების განახლება ლოიალური კლიენტებისა და ახალი სტუმრებისთვის.

დარგის ექსპერტების მიერ აქტიურად განიხილება, რომ სამომავლოდ, სასტუმროების სექტორი ტექნოლოგიური და თვითმომსახურების მიმართულებით განვითარდება და სერვისის კომპონენტში შემცირდება ფიზიკური კომუნიკაციის როლი.

პანდემიის პირობებში, სასტუმროებისთვის შესაძლოა ისეთი ალტერნატიული დროებითი ფუნქციების ძიება, როგორიცაა მაგალითად მოქნილ სამუშაო სივრცეებად რედეველოპმენტი. ამის პრეცენდენტები უკვე გაჩნდა ევროპის სასტუმროებში, სადაც სასტუმროს ნომრებს ქირაობენ სამუშაო სივრცის დანიშნულებით“, - ნათქვამია უძრავი ქონების ბაზრის სასტუმროების სექტორის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები