სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, AirAsia-მ კანადაში წარმოებული 150 ერთეული Airbus A220-300-ის შესაძენად ხელი $19-მილიარდიან შეთანხმებას მოაწერა. გარიგება Airbus-ის კანადის ობიექტზე, მირაბელში გამოცხადდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ შეკვეთას წარმოადგენს.
AirAsia-მ აღნიშნა, რომ Airbus-თან მისმა 20 წელზე მეტხნიანმა ურთიერთობამ დიდი როლი ითამაშა ავიაკომპანიის ზრდასა და მიღწევებში და უახლესი შეთანხმება მათ ხანგრძლივ პარტნიორობაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.
"ჩვენ ავაშენეთ AirAsia თამამი გადაწყვეტილებების მიღებით სწორ, და არა ყველაზე მარტივ მომენტში. ეს შეკვეთა ასახავს ჩვენს გრძელვადიან დისციპლინასა და ჩვენი ამბიციების მასშტაბებს. A220 ხსნის ახალ ბაზრებსა და მარშრუტებს და გვაახლოებს მსოფლიოში პირველი ნამდვილი დაბალბიუჯეტიანი ქსელური გადამზიდავის შექმნასთან," - თქვა AirAsia-ს თანადამფუძნებელმა ტონი ფერნანდესმა.
ავიაკომპანიამ ასევე განაცხადა, რომ გარიგება მოიცავს შესაძლებლობას, სამომავლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეკვეთა A220 ოჯახის 300 თვითმფრინავამდე გააფართოოს.
Airbus Commercial Aircraft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარს ვაგნერმა აღნიშნა, რომ A220 თვითმფრინავები "აზიის მასშტაბით იმ მარშრუტებს გახსნიან, რომლებიც მანამდე შეუძლებელი იყო".
Airbus-ის განცხადებით, A220 თავის ზომის კატეგორიაში ყველაზე თანამედროვე ავიალაინერია, რომელსაც 100-დან 160-მდე მგზავრის გადაყვანა 6 700 კმ-მდე დისტანციაზე შეუძლია. კომპანიის მონაცემებით, მარტის ბოლოსთვის მსოფლიოს მასშტაბით 25 ოპერატორს უკვე 501 ერთეული A220 მიეწოდა.
ეს გარიგება ირანთან აშშ-ისრაელის ომით გამოწვეული საწვავის ფასების ზრდის ფონზე შედგა. გასულ თვეში AirAsia-მ განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტ ფრენას და ზოგიერთ მარშრუტს აუქმებდა (საერთო ციფრის დასახელების გარეშე). ავიაკომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ტარიფებს 40%-მდე ზრდიდა და იმ დროისთვის მისი საერთო ფრენების დაახლოებით 10% უკვე გაუქმებული იყო.
ამავდროულად, ფერნანდესმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ომით გამოწვეული ავიასაწვავის შოკი გლობალური ავიაციისთვის Covid-19-ის პანდემიაზე დიდი კრიზისია.
"მეგონა, კოვიდის დროს ყველაფერი ვნახე... მაგრამ იმის ხილვა, რომ ავიასაწვავის ფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა - ეს ბევრად უარესია", - განუცხადა ფერნანდესმა გაზეთს.
ფერნანდესმა Bloomberg-თან ხარჯების ჰეჯირებაზეც ისაუბრა. "ცხადია, ისინი, ვინც ახლა ჰეჯირებენ, მოგებაში არიან, მაგრამ უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში ჰეჯირება რეალურად არასდროს მუშაობს", - თქვა მან. თუმცა გამოცემის თანახმად, ამ გადაწყვეტილებამ კომპანიის აქციების 35%-ით ვარდნა გამოიწვია. ფერნანდესმა ასევე დააანონსა, რომ მომდევნო თვეებში ახალი ავიაკომპანიის გაშვებისთვის ემზადება.




























