დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა - თბილისი - ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 1.2 მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.
2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4 601 048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.




























