მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჯობებს თუ არა Microsoft-ის ახალი ლეპტოპი MacBook Air-ს?

Microsoft Surface

პერსონალური კომპიუტერებისა და ოპერაციული სისტემების ბაზარზე უკვე ათწლეულებია, რაც ლიდერობისთვის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები - Microsoft-ი და Apple-ი იბრძვიან, რომლებიც, ამავდროულად, პლანეტის #1 და #2 უმსხვილესი კომპანიები არიან, რომელთა ჯამური საბაზრო შეფასება $6 ტრილიონს აჭარბებს.

მართალია, ორივე კომპანიას განსხვავებული პორტფელი აქვს, მაგალითად, Apple-ის მთავარი შემოსავლის წყარო iPhone-ებია და Microsoft-ის შემოსავლის 90%-ზე მეტს პროგრამული უზრუნველყოფა აგენერირებს, თუმცა ზოგიერთ სეგმენტში ისინი ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს ქმნიან. სწორედ ამ სეგმენტს მიეკუთვნება მსუბუქი ლეპტოპების ბაზარი, რომლის ეტალონად MacBook Air ითვლება.

ამ მიმართულებით Apple-ის დომინანტურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ენერგოეფექტიანობაა. საქმე ისაა, რომ Apple M-სერიის პროცესორები გაცილებით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე Intel-ისა და AMD-ის მიერ შექმნილი ანალოგები. გარდა ამისა, თავად macOS-ის ოპერაციული სისტემა გაცილებით უფრო „მსუბუქია“, ვიდრე Microsoft Windows-ი, შესაბამისად, ამ ორი ტიპის პლატფორმას შორის წლების განმავლობაში ვიღებდით უდიდეს სხვაობას ენერგომოხმარების კუთხით. Apple-ის ენერგოეფექტური პროცესორი იძლევა იმის საშუალებას, რომ ლეპტოპმა თითქმის მთელი დღის განმავლობაში დამტენის გარეშე იმუშაოს, რაც Windows-ით აღჭურვილი ლეპტოპებისთვის იშვიათია.

ცხადია, Windows-ის პლატფორმა ნებისმიერი პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ ლეპტოპების მწარმოებელმა კომპანიებმა კორპუსში უფრო დიდი მოცულობის ბატარეების ჩამონტაჟება დაიწყეს. მართალია, ამ მიდგომამ ბატარეის გამძლეობის პრობლემა მოაგვარა, თუმცა სხვა წარმოშო, კერძოდ, სიმძიმე.

საერთო ჯამში, ბაზარზე მივიღეთ ასეთი მოცემულობა: მსუბუქი ლეპტოპების კატეგორიაში MacBook Air-ს უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა, ვიდრე ანალოგიური შესაძლებლობების მქონე Windows-მოწყობილობას, თუმცა ბაზარზე ახალი Microsoft Surface 7-ის გამოჩენით ყველაფერი შეიცვალა.

საქმე ისაა, რომ Microsoft-ის ახალი თაობის ლეპტოპი აღარ არის აღჭურვილი Intel-ის ან AMD-ის პროცესორით, მის დედაპლატაზე ახალი მწარმოებლის, Qualcomm-ის ინიციალებს ვხედავთ, ნახევარგამტარს კი Snapdragon X Elite ეწოდება და ის ბაზარზე არსებული ყველაზე ეფექტიანი კომპიუტერული პროცესორია.

X Elite-ის წყალობით, Surface 7-ს 20 საათის განმავლობაში შეუძლია ვიდეოს ჩვენება, ხოლო MacBook Air M3-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17 საათს და 45 წუთს შეადგენს. ასევე, დაახლოებით საათიან განსხვავებას ვხედავთ ბრაუზერში მუშაობის პირობებში. გამოდის, რომ Windows-ის სისტემაზე მომუშავე მსუბუქი ლეპტოპი უფრო მეტი ხანი ძლებს ერთი დამუხტვით, ვიდრე MacBook Air M3, რაც ნამდვილად უჩვეულო სანახავია.

Qualcomm-ის პროცესორს მხოლოდ ენერგოეფექტიანობა არ გამოარჩევს, ის ტექნიკური მახასიათებლებით უფრო მძლავრია, ვიდრე M3 და ამაზე სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრი მიუთითებს. მაგალითად: Geekbench-ის შეფასებით, Surface 7-ს 14,000 ქულა აქვს, Air-ს კი - 12,000. Cinebench-ის ტესტში Microsoft-ის ლეპტოპმა 980 ქულა მიიღო, Apple-ის შემთხვევაში კი საუკეთესო შედეგი 650 ქულა იყო.

სხვაობა შესამჩნევია გრაფიკული მონაცემების დამუშავების დროსაც. შედარებისთვის, Surface 7-მა 4K რეზოლუციის ვიდეო 1.5 წუთით ადრე დაარენდერა, ვიდრე Air M3-მა.

რაც შეეხება AI-შესაძლებლობებს, მოგეხსენებათ, შვილობილი OpenAI-ის წყალობით, Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის რბოლაში ლიდერობა მოიპოვა, შესაბამისად, მისი ლეპტოპი მაქსიმალურად მძლავრი AI-პროცესორით და პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი. Surface 7-ში შეხვდებით Microsoft-ის უახლეს ხელოვნურ ინტელექტს, Copilot Plus-ს, რომელიც აქტიური ასისტენტის ფუნქციას ასრულებს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია როგორც სამუშაოს გამარტივება, ასევე ეფექტიანობის გაზრდა, დიდი მონაცემების დამუშავება და ორგანიზაციისა თუ ადამიანის რესურსების დაზოგვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია AI-ს შესაძლებლობების ათვისება, სწორედ ამიტომ პლანეტის უმსხვილესმა კომპანიამ AI-ით კბილებამდე შეიარაღებული ლეპტოპი გამოუშვა.

X Elite-ის NPU-ს სიმძლავრე თითქმის 2-ჯერ აჭარბებს M3-ის გამოთვლით შესაძლებლობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კომპიუტინგის მიმართულებით Surface 7-ის პროცესორი ორჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე MacBook Air-ის.

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ macOS-ში AI-ასისტენტი ჯერაც არქაული ეპოქისაა და Apple-ს საკუთარი AI-მოდელი ჯერაც არ წარუდგენია, ამიტომ Copilot Plus-ით აღჭურვილი Windows-ის და macOS-ის შედარება უბრალოდ საღ აზრს მოკლებულია.

საერთო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ობიექტური საზომით Microsoft-ის მსუბუქი ლეპტოპი გაცილებით უკეთესი პროდუქტია, ვიდრე Apple-ის მიერ შექმნილი კომპიუტერი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მალე ბაზარზე MacBook Air M4 გამოჩნდება, რომელსაც, სავარაუდოდ, AI-შესაძლებლობები ექნება, ანუ ტექნოლოგიური ტიტანების მრავალწლიანი ბრძოლა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები