"ქართული განათლება საფრთხეშია"-ს ორგანიზებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარში პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით დღეს, 25 მაისს, 17:00 საათზე ვაკის პარკიდან იწყება და, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გავლით, გმირთა მოედანზე დასრულდება.
დაგეგმილი საპროტესტო მარშის შესახებ Facebook-ზე ვრცელდება ინფორმაცია:
"ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი ძალადობისა, საუნივერსიტეტო საზოგადოების - სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სამართლიანი პროტესტის ჩასახშობად და გასაჩუმებლად, ხელისუფლება ცდილობს შელახოს საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომია, გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლება და შესაბამისად, უგულებელყოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით განსაზღვრული გარანტიები.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონის ამოქმედება და არსებული ავტორიტარული რეჟიმი საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს აყენებს მძიმე რეპუტაციულ ზიანს, აუქმებს აკადემიურ თავისუფლებას და აბრკოლებს საერთაშორისო თანამშრომლობას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული საუნივერსიტეტო და სამეცნიერო იზოლაციას და ეროზიას გამოიწვევს.
ვიაზრებთ რა აღნიშნულ საფრთხეებს, ვთვლით, რომ აკადემიური საზოგადოების გაერთიანება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობის მთავარი პრინციპების დასაცავად და შესაბამისად ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და 25 მაისს, 5 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ვაწყობთ მარშს - ვაკის პარკი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - გმირთა მოედანი. შემოგვიერთდით", - ნათქვამია განცხადებაში.