მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს - იენს სტოლტენბერგი

NATO

ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, მოჰყვება თუ არა კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ეს საკითხი არ განხილულა.

"ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია. და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილია“, - თქვა სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება კითხვას, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, იენს სტოლტენბერგმა შემდეგი პასუხი გასცა: „დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.

ეს კომენტარები ნატოს გენერალურმა მდივანმა 31 მაისს, პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები