„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა კლასიკური გაგებით აღარ მოიაზრება“, - ასეთი შთაბეჭდილება კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელ ბექა გონაშვილს ახალი სახელმწიფო პროგრამის გაცნობის შემდეგ დარჩა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ ბანკის ადგილი პირდაპირ აღარ არის.
კომპანია "აგროქიზიყის" დამფუძნებლის შთაბეჭდილება, რომ მართალია, ამას ადასტურებს BMG-ის კითხვების პასუხად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" არ უქმდება და როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იარსებებს, თუმცა 1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება და "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით კი, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ ანუ საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ჩაანაცვლებს.
ბექა გონაშვილის განმარტებით, ფერმერს კვლავ აქვს შესაძლებლობა, საწყისი კაპიტალი კრედიტის სახით მოიზიდოს, მაგრამ ახალი სახელმწიფო პროგრამის თანახმად, მთავრობა კრედიტის პროცენტს, სავარაუდოდ, აღარ დაუსუბსიდირებს თუ [ბენეფიციარის "ბიზნესგეგმა" ჯერ სოფლის განვითარების სააგენტოში არ მოიწონეს].
ფერმერი ხაზს უსვამს ახალი სახელმწიფო პროგრამის მთავარ პრინციპს - "პირველად ხარჯვა, ხოლო შემდეგ თანადაფინანსება" და განმარტავს, რომ ახალი წესებით, ბენეფიციარმა ჯერ საკუთარი ან ნასესხები სახსრებით სრულად უნდა განახორციელოს პროექტი - მაგალითად, ააშენოს ფერმა ან გააშენოს ბაღი — და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინოს დოკუმენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოში დახარჯული თანხის 50%-ის მისაღებად.
საქმე ის არის, რომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელით, სახელმწიფო თანამონაწილეობა ერთ პროექტში იქნება 50%, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ ბანკის ადგილი პირდაპირ აღარ არის, თუმცა პროექტი უშვებს იმას, რომ საწყისი თანამონაწილეობის თანხა, რითაც საქმიანობას იწყებთ, შეიძლება კრედიტით მოიზიდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თვითონ უნდა დახარჯოთ თქვენი ფული, განახორციელოთ პროექტი - მაგალითად, ააშენოთ ფერმა ან გააშენოთ ბაღი და შესაბამის დოკუმენტაციას უკვე ამის შემდეგ აბარებთ სოფლის განვითარების სააგენტოს. ამის მერე სახელმწიფო დაგიბრუნებთ თანხას, რომელიც პროექტის ღირებულების ნახევარია, თუმცა არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა. რამდენადაც ვიცი, ამ ახალ მოდელში აღარ მოიაზრება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა კლასიკური გაგებით. ჯერ მიდიხართ სააგენტოსთან, წარადგენთ ბიზნესგეგმას და ატვირთავთ დოკუმენტაციას. მას შემდეგ, რაც დაგიდასტურებენ, რომ „მოგყვებიან“, მხოლოდ ამის მერე მიდიხართ ბანკთან (სესხისთვის) ან იღებთ საკუთარ დანაზოგს, ხარჯავთ მას და ბოლოს სახელმწიფო გიბრუნებთ შესაბამის წილს“, - განმარტა ბექა გონაშვილმა.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელიდან გამომდინარე, რადგან საფინანსო ინსტიტუტის რგოლი, როგორც ფილტრი „ქრება“, ბექა გონაშვილს „წერტილში“ კითხვები კორუფციის რისკების შესაძლო ზრდაზეც დავუსვით, თუმცა ფერმერმა მთავარი აქცენტი მაინც პროექტების კომპეტენტურად შეფასების მნიშვნელობაზე გააკეთა.
„მინახავს ბევრი პროექტი, სადაც თავგადაკლულ ოპოზიციონერებსაც აქვთ დაფინანსება მიღებული, მაგალითად, პროგრამიდან „დანერგე მომავალი“... პრობლემა სხვა რამეშია: ვინ იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას [ბიზნესგეგმის დაფინანსებასთან დაკავშირებით] და რამდენად აქვს ამ ადამიანს შესაბამისი ცოდნა? მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავად მაქვს გამოცდილება – ორი-სამი წლის წინ მეცხოველეობის მიმართულებით ე.წ. „ფილტრი“ დაწესდა. მე ამის ინიციატორიც ვიყავი, რადგან მიმაჩნია, რომ ფილტრი აუცილებელია, თუმცა თავადვე შევეჩეხე ბიუროკრატიულ სირთულეებს. საბუთებზე სირბილი იმდენად გაიზარდა, რომ საქმის კეთებას აფერხებს. ისიც მესმის, რომ თუ მეხორცული მიმართულების საქონელი შემოგყავს, მაგრამ საძოვარი და შესაბამისი ბაზა არ გაქვს, წინასწარვე განწირული ხარ. ამიტომ, სახელმწიფოებრივი ფილტრი საჭიროა, ოღონდ ის საქმეს კი არ უნდა აჩერებდეს, არამედ რეალურ რისკებს აზღვევდეს“, - განაცხადა ფერმერმა.




























