გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო თანადაფინანსების ახალი პროგრამის შემუშავება დასრულდა.
როგორც BMG-ის სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი სამართლებრივი აქტები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
“სახელმწიფო თანადაფინანსების ახალი პროგრამის ამოქმედება დაგეგმილია 1-ელი ივლისიდან.
პროგრამა დასრულებულია და ამჟამად გადის შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ პროცედურებს.
მისი ამოქმედებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტები მიმდინარე დღეებში გამოქვეყნდება დადგენილი წესით, შესაბამისი პროცედურების დაცვით”, - მოგვწერეს სამინისტროდან.
ცნობისთვის: 1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები იცვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს ნერგავს, რომლის მიხედვით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ ანუ საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ჩაანაცვლებს.
კერძოდ, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობისთვის პოტენციურ ბენეფიციარებს/ფერმერებს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევთ: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, „შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, 1-ელი ივლისიდან, განახლებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, სავალდებულო 4-ეტაპიან პროცესში ბანკი/საფინანსო ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს.




























