ინვესტიციების კლებაც მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი არამხოლოდ უცხოელი, არამედ ქართველი ინვესტორიც თავს იკავებს ინვესტიციისგან, - ამის შესახებ "ICR ჯგუფის' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ვაჭრობის სექტორში ინვესტიციების კლება იმ სიტუაციით არის გამოწვეული, რომელიც ორი წელია ქვეყანაში ვითარდება.
საქსტატის მონაცემებით, ვაჭრობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უარყოფითი -22,1 მლნ აშშ დოლარი იყო, მეორე კვარტალში - 6.5 მლნ აშშ დოლარი, მაშინ როცა სექტორში FDI-მ გასული წლის I-II კვარტალში ჯამში 122.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წლის I-II კვარტალში კი - 220 მლნ აშშ დოლარი.
„ამაზე არასტაბილური გარემო და პოლიტიკური კრიზისი მოქმედებს. ჩვენ მოწყვლადი ქვეყანა ვართ, იმპორტ-ექსპორტში უარყოფითი სალდო გვაქვს, ეს ვაჭრობაზეც აისახება და ზოგადად მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ინვესტიციების განხორციელებისგან თავად კომპანია "ICR ჯგუფიც" თავს იკავებს.
„ჩვენ მიმდინარე პროექტებს ვასრულებთ, მაგრამ ახალი პროექტები არც წელს და არც მომავალი წლის გეგმაში არ გვაქვს, ვინაიდან რთულია პროგნოზის გაკეთება წლიურ კი არა, კვარტალის ჭრილშიც. გლობალური სიტუაციაც გაუგებარია, მომხმარებლის ქცევაც იცვლება. არც შიდა ბაზარზეა ჯანსაღი სიტუაცია და ამას აღრმავებს ის პრობლემები, რაც ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
„ახალი ბრენდების შემოყვანა იქნება ბაზარზე თუ სხვა ტიპის აქტივობები, არც განვიხილავთ და თავს ვიკავებთ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია და ეს როგორ აისახება ეკონომიკაზე“, - დასძინა მან.
რაც შეეხება გაყიდვებს, კახა ხაზარაძე ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "ICR ჯგუფის" ე.წ. Fashion მიმართულებით კლება დაგეგმილთან შედარებით, 8 თვეში 8%-იანია. ავეჯის მიმართულებით კი კლება უფრო მეტია.
„ავეჯის გაყიდვები ავტომატურად უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვასთან არის ბმაში, სადაც ასევე კლებაა. აქციებით და ფასდაკლებებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კლება მინიმუმ ამ ნიშნულზე მაინც შევინარჩუნოთ“, - ამბობს ის.
ხოლო კითხვაზე - რომელიმე მიმართულებით ვაჭრობის გააქტიურება შეინიშნება თუ არა, კახა ხაზარაძე ამბობს, რომ არა. რაც შეეხება მოლოდინებს, "ICR ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ უახლოეს თვეებში გაყიდვების მიმართულებით გაჯანსაღებას არ პროგნოზირებს.
„გააჩნია, როგორ განვითარდება სიტუაცია, რაც დრო გადის, უფრო იძაბება, არასტაბილური გარემო პირდაპირ ეკონომიკას ურტყამს, აქედან გამომდინარე, უახლოეს თვეებში გაყიდვების გაჯანსაღებას ვერ ვხედავთ. ვცდილობთ, რომ თუ დამძიმდა სიტუაცია, მეტ-ნაკლებად მოვერგოთ მას. რთულია პროგნოზის კეთება, მაგრამ გვიწევს ამისთვის მზადება“, - აცხადებს ის.
ცნობისთვის, „ICR ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.




























