მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ პროფკავშირს რეგისტრაციას უჭიანურებენ - “ეს მუშაობაში ხელს ვერ შეგვიშლის”

გიგა სოფრომაძე

ყოფილმა საჯარო მოხელეებმა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ გასულ თვეს დააფუძნეს. თუმცა, როგორც ახალი გაერთიანების თანათავმჯდომარე, გიგა სოფრომაძე BMGTV-ს გადაცემაში ამბობს, შესაბამისი სახელმწიფო უწყება რეგისტრაციის პროცესს ხელოვნურად უჭიანურებს.

მისივე ცნობით, განაცხადი 25 დეკემბერს შეიტანეს, თუმცა მათი რეგისტრაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება. სოფრომაძის თქმით, არსებული მდგომარეობა მათთვის არ იქნება ხელშემშლელი, რომ იმუშაონ და იურიდიული კონსულტაცია გაუწიონ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საჯარო სამსახურიდან მათი პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს.

„9 იანვრის მონაცემებით, პროფესიული კავშირის რეგისტრაციაზე უარია. ჩვენდა სამწუხაროდ, ველოდით, რომ მოხდებოდა ხელოვნურად პროცესების გაჭიანურება. 25 დეკემბერს შევიტანეთ განაცხადი, ყველა საჭირო დოკუმენტაციით. მათ შორის, შევისწავლეთ მანამდე მიმართული ორგანიზაციების რეგისტრაციები, რომელსაც მიანიჭეს რეგისტრაცია. ზუსტად იგივე დოკუმენტები დავიცავით და წარვადგინეთ. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მომდევნო დღეს პასუხი მოვიდა, რომ დამატებით გვჭირდებოდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც სხვა ორგანიზაციების შემთხვევაში არ იყო მოთხოვნილი. დოკუმენტი მალევე გავამზადეთ. 31 დეკემბერს დოკუმენტი წარვადგინეთ და მალევე მოვიდა პასუხი, რომ ხარვეზი არ არის გამოსწორებული, გაუგებარია რა ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი.

თუმცა, ამ ეტაპზე რეგისტრაციის მინიჭება, არ მინიჭება არ არის ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს მუშაობაში. რამდენიმე ასეული ადამიანია, რომელიც გათავისუფლებულია. მარტო წინა კვირას, საჯარო რეესტრის შემთხვევაში 86 თანამშრომელი იყო ერთ დღეს გათავისუფლებული. რიცხვი ზუსტად ვერ დგინდება რამდენი ადამიანია გათავისუფლებული, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობს“, - ამბობს პროფკავშირის თავმჯდომარე.

მისივე განმარტებით, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ -ში 70 ინდივიდუალური განაცხადია შესული, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

,,გვყავს იურისტების ძალიან დიდი ჯგუფი. 70 საქმეს ჩვენი იურისტები განიხილავენ, თუმცა პარტნიორობა გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ანუ მხარდაჭერა გვაქვს სხვადასხვა იურისტთა ჯგუფებიდან და ორგანიზაციებიდან. იმ საქმეებს, რომლებსაც ფიზიკურად ჩვენ ვეღარ გავწვდებით, იმ ორგანიზაციებთან გადავამისამართებთ. ამასთან, ფონდებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები. ხედვა გვაქვს ის, რომ ვიმუშაოთ სამართლებრივი კუთხით, გათავისუფლებული პირების დაცვისათვის. ასევე დავაზღვიოთ ის პირები, რომლებიც გათავისუფლების რისკის წინაშე არიან. ცალკე ჯგუფი მუშაობს იმ მეთოდების ანალიზზე, რომელსაც გათავისუფლებისთვის იყენებენ. ჩვენი საქმიანობა იმ მოტივით არის განპირობებული, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი კოლეგები და ხელი შევუწყოთ საჯარო სექტორის გაჯანსაღებას. სერვისი სრულად უფასოდ მიეწოდებათ ადამიანებს", - ამბობს პროფკავშირის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები