მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი აღარ გახსნის - "ოცნებას" რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს

პარლამენტი

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელი შეეცვლება, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას კი პრეზიდენტი აღარ გახსნის. ამას ითვალისწინებს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარლამენტის რეგლამენტში შესატანად მომზადებული ცვლილებების პროექტი.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტში უკვე ინიცირებულია:

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, ცვლილება ეხება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის გამართვის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს, როგორც წესი, დღის 12 საათზე. ასევე დაზუსტდა, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. რეგლამენტის მოქმედი რედაქტიით, პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში პარლამენტის უხუცესი დეპუტატი.

ამასთან, ცვლილებები შეეხება პარლამენტის სათათბირო ორგანოებს. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ, ისინი ფაქტობრივად კომიტეტების ფუნქციებს ითავსებდნენ, რაც არ შეესაბამებოდა მათ სამართლებრივ სტატუსს. აქედან გამომდინარე, გაუქმდება გენდერული თანასწორობის, ღია მმართველობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. თუმცა, ამის საპირწონედ, დაიხვეწა პარლამენტის „სხვა დროებითი კომისიების“ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები.

კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ კომიტეტი აღარ იქნება ვალდებული, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ოქმები. ავტორების თანახმად, ეს ცვლილება, ერთი მხრივ, შეამცირებს საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ფორმალური ვალდებულებების რაოდენობას, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაო ჯგუფის მუშაობას უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის.

ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, უქმდება "მინისტრის საათი", ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება.

დაზუსტდა საკითხები, რომლებიც პირდაპირ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება, კომიტეტის მიერ განხილვის გარეშე. ესენია: თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, პრეზიდენტის არჩევის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისსა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები