"ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები დააინიცირა. როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, უქმდება "მინისტრის საათი", ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება.
„ძირითადი ცვლილებები, რაც საინტერესო შეიძლება იყოს ისაა, რომ ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვებით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. შემდეგ, ამ კითხვების შესაბამის პასუხად შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვებს. შემდეგ კი დებატები იმართება.
გაორმაგება ნიშნავს იმას, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე. ასევე, ხდება ხელახალი მოწესრიგება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპი დასრულების შემდეგ, დებატების წესის. აქამდე უფრო მონოლოგის ხასიათი იყო. ახალი მოწესრიგებით იქნება მონაცვლეობითი გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „აქედან გამომდინარე, თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი“, რომელიც 2018 წელს საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული".
პაპუაშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის პროექტი განსახილველად ბიუროზე ორშაბათს გავა. ხოლო მისი დამტკიცება მაისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რომელიც ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.
ცნობისთვის, ამჟამინდელი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ამიტომაც პაპუაშვილის თქმით, საჭირო იყო მისი გადახედვა.
"ის უკვე თითქმის, 7 წელია, რაც ძალაშია. ამიტომ, მოხდა შესწავლა იმის თუ, რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორიცხული. ასევე, მოხდეს მისი სტრუქტურირება ლოგიკური თანმიმდევრობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, მინისტრის საათი გულისხმობს წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას. ინტერპელაცია კი, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის, ფრაქციის მიერ შეკითხვით მიმართვის უფლებას გულისხმობს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს ან მთავრობის წევრის მიმართ.




























