მას შემდეგ, რაც “დინამო თბილისი” შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა, დედაქალაქურ კლუბში კონტინგენტის ცვლილებები კვლავ გრძელდება.
როგორც „დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში ისაუბრა, ნაკრებში ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან რთულია.
მისი შეფასებით, ახალგაზრდა ფეხბურთელს, როდესაც უკეთესი საფეხბურთო ჩემპიონატის, გუნდისა და ფინანსური შემოთავაზების პერსპექტივა უჩნდება, რთულდება მისი ნაკრებში შენარჩუნება.
„მათ შესანარჩუნებლად ძალიან დიდი ძალისხმევა და მუშაობაა საჭირო, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური კუთხით. ზოგიერთ იმ ფეხბურთელთან, რომლებმაც ნაკრები დატოვეს, კონტრაქტი დაგვიმთავრდა. ევროპიდან, ფეხბურთელები იჯარით გვყავდა, ასევე ფეხბურთელებთან, რომლებთანაც შეთანხმება გვქონდა, შემდეგ მათი ტრანსფერი მოხდა. მაგალითად, უსმანი კამარა, რომელიც ასტანაში (ყაზახეთი) გადავიდა,“- აცხადებს დოლიძე.
„თბილისი დინამოს“ გენერალური დირექტორის ცნობით, ამ ეტაპზე, რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელთა ტრანსფერიც, შესაძლოა ზამთრის ფანჯარაში მოხდეს.
გარდა ამისა, მისივე ცნობით, ნაკრების შევსება იმ ფეხბურთელებით მოხდება, რომლებიც ახალი გამოსულები არიან აკადემიიდან, ამასთან, უცხოელი, შემტევი ფეხბურთელებით.
დოლიძის მტკიცებით, „დინამო თბილისი“ არ დასუსტდება და პირიქით, მისი გაახალგაზრდავება მოხდება. შესაბამისად, გუნდს მეტი პოტენციალი ექნება.
შეგახსენებთ, რომ “დინამო თბილისმა” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყვიტა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მათ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. ასევე კონტრაქტის ამოწურვის გამო, “დინამო” დატოვეს ლუკა ლაკვეხელიანმა და ვატო არველაძემ. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა.