კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა აცხადებს, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნას უნდა დაემატოს ისიც, რომ არჩევნები ცესკომ არ უნდა ჩაატაროს. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში კუკავას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი მოჰყავს, სადაც არჩევნები გაერომ ჩაატარა და საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების ჩატარების დათმობის ვერსიებს განიხილავს.
"ახალი არჩევნები ცესკომ არ უნდა ჩაატაროს. მოთხოვნებს ესეც უნდა მიემატოს. სამართლიანი არჩევნები შეიძლება გვქონდეს მაშინ, თუ
1. გაერო ჩაატარებს.
გაეროს არაერთ ქვეყანაში აქვს ჩატარებული პოსტკონფლიქტური ან გარდამავალი არჩევნები, მაგ., ტიმორ-ლეშტეში 1999, 2001 და 2002 წლებში, 1990-იან წლებში კამბოჯაში, 2001 წ. ამბების შემდეგ ავღანეთში. ამ შემთხვევებში არჩევნების ადმინისტრირებაში გაეროს აქტიურად ეხმარებოდნენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც არა, როგორც უბრალოდ დამკვირვებლები, არამედ, როგორც თანაადმინისტრატორები.
2. არჩევნების ორგანიზატორი ისეთივე მასშტაბურ აუთსორსინგს გააკეთებს, როგორც მაგ., ამერიკაში, სადაც ისეთი კომპანიებს, როგორიცაა Dominion Voting Systems, Election Systems & Software (ES&S) ან Hart InterCivic-ს აქვთ ხმის მიცემის აპარატების მომსახურების მყარი რეპუტაცია.
პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა რეგისტრაციაზე, ბიულეტენების უსაფრთხოებაზე, საარჩევნო მუშაკების მომზადებაზე, შედეგების შეჯამებაზე და სერტიფიცირებაზე ცესკოს არ შეიძლება ჰქონდეს — "მელას ქათამი არ უნდა ანდო".
ეს ქვეყნები ჩვენზე უარეს დღეში იყვნენ, მაგრამ შეუძლებელი სულაც არ არის იმის დასაბუთება, რომ გვაქვს გადაულახავი წინააღმდეგობა და გვჭირდება დახმარება.
ყველაზე რთული კითხვაა, ვინ უნდა სთხოვოს. მაგალითად, მოყვანილ ქვეყნებში ეს გადაწყვეტილება ან უსაფრთხოების საბჭომ მიიღო ან გარდამავალმა მთავრობებმა, რაც ჩვენთან შეუძლებელია. თუმცა საქართველომ შეიძლება შექმნას პრეცედენტი, როცა მთავრობა თავისი ნებით დათმობს არჩევნების ჩატარების უფლებას. თუ ქართული ოცნება ასეთ არჩევნებში გაიმარჯვებს, ისევე უნდა შევეგუოთ მათ გამარჯვებას, როგორც ამერიკაში დემოკრატების 75 მლნ ამომრჩეველი ტრამპისას", - წერს მიხეილ კუკავა.