მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი CEO-ს ხელმძღვანელობით, Berkshire-მა ორ დღეში $16.8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

berkshire

Berkshire Hathaway-მა, ახალი აღმასრულებელი დირექტორის, გრეგ აბელის ხელმძღვანელობით, ორ დღეში 16.8 მილიარდი დოლარი გამოყო: ერთი მხრივ, დეველოპერული კომპანია Taylor Morrison Home Corp-ის შესაძენად, ხოლო მეორე მხრივ, Google-ისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დასახმარებლად.

ეს ინვესტიციები, სავარაუდოდ, იმ ინვესტორებს დააკმაყოფილებს, რომლებიც აბელისგან Berkshire-ის ფულადი რეზერვების მეტი წილის დახარჯვას ითხოვდნენ, მისი წინამორბედისგან განსხვავებით. გრეგ აბელმა აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე უორენ ბაფეტი იანვარში შეცვალა.

არარერთი ინვესტორისა და ანალიტიკოსის თქმით, Berkshire-ის ნაღდმა ფულმა, რომელმაც 31 მარტის მდგომარეობით 380.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ომაჰაში დაფუძნებული კონგლომერატის აქციების ფასზე უარყოფითად იმოქმედა.

აქციების ფასი 2025 წლის მაისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაქსიმუმთან შედარებით 13%-ით არის შემცირებული, მაშინ როცა იმავე პერიოდში ტექნოლოგიებით დატვირთული Standard & Poor's 500-ის ინდექსი 34%-ით გაიზარდა.

"ყველა ელოდა, რომ გრეგი უორენ ბაფეტის ჩრდილიდან გამოვიდოდა და საკუთარ ნაბიჯებს გადადგამდა, და ახლა ჩვენ ამას ვხედავთ," - განაცხადა სტივენ ჩეკმა, Check Capital Management-ის პრეზიდენტმა - მისი კომპანია 2.4 მილიარდ დოლარს მართავს, საიდანაც 700 მილიონ დოლარზე მეტი სწორედ Berkshire-ის აქციებსა და ოფციონებშია ჩადებული.

BERKSHIRE ALPHABET-ში თავის წილს 10 მილიარდი დოლარით ზრდის

მიმდინარე კვირაში Berkshire Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-ში კერძო განთავსების გზით 10 მილიარდი დოლარის აქციებს შეძეანას დათანხმდა. ეს ინვესტიცია Alphabet-ის მიმართ Berkshire-ის ნდობაზე მიანიშნებს.

Berkshire-მა Alphabet-ში ინვესტირება გასული წლის მესამე კვარტალში დაიწყო და 31 მარტის მდგომარეობით 16.6 მილიარდი დოლარის აქციებს ფლობდა. უახლესი ინვესტიციის შემდეგ, Alphabet-ი სავარაუდოდ მოხვდება მის სააქციო პორტფელში 5 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის, რომელთა სათავეშიც iPhone-ის მწარმოებელი Apple-ი დგას.

2019 წელს Berkshire-ის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე ბაფეტმა და აწ გარდაცვლილმა ვიცე-თავმჯდომარე ჩარლი მანგერმა სინანული გამოთქვეს, რომ Google-ში ინვესტიცია უფრო ადრე არ განახორციელეს. ბაფეტმა მაშინ აღნიშნა, რომ Google-ის სარეკლამო მოდელი ჰგავდა იმას, რაც კარგად მუშაობდა Berkshire-ის ავტოდაზღვევის ქვედანაყოფის, Geico-ს შემთხვევაში.

BERKSHIRE სახლების მშენებლობის სიმძლავრეებს ზრდის

Berkshire-მა 6.8 მილიარდ დოლარად Taylor Morrison-ის შეძენაც დააანონსა, რომელიც აშშ-ის 12 შტატში ოპერირებს.

ეს ნაბიჯი Berkshire-ს დაეხმარება, თავისი პოზიციები საბინაო ინდუსტრიაში გააფართოოს, სადაც ის უკვე ფლობს მზა სახლების (manufactured housing) მწარმოებელ ბიზნესს, Clayton Homes-ს, აგრეთვე აგურის, საღებავისა და თბოიზოლაციის მწარმოებელ კომპანიებს. გარდა ამისა, Berkshire მართავს აშშ-ში საცხოვრებელი უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს საბროკერო კომპანიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები