კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
ფორმულა 1 “General Motors”-ის სარბოლო გუნდს 2026 წლის სეზონში დაამატებს
ფორმულა ერთმა და “General Motors”-მა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც “Cadillac”-ის ბრენდი მე-11 გუნდად რბოლებს 2026 წლიდან დაემატება.
“Liberty Media”, რომელმაც ფორმულა 1, 2017 წელს შეიძინა, დიდი ხანი გეგმავდა რბოლებში ახალი გუნდის დამატებას და რამდენიმე გამოკვეთილი ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა ამჯერად არჩევანი “Cadillac”-ზე შეჩერდა.
ფორმულა 1-ს ყოველთვის სურდა ამერიკული ავტომწარმოებელი შემოეყვანა სპორტში, ვინაიდან აშშ ფინანსურად მოგებიანი ბაზარია თანაც ქვეყანაში წლიურად სამი რბოლა ტარდება, რაც იტალიასთან ერთად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათ შორის უკანასკნელად 2022-23 წლებში ორგანიზაციამ მაიამისა და ლას-ვეგასის გრან-პრი დაამატა. “General Motors”-ი თავდაპირველად “Ferrari”-ის ძრავას გამოიყენებს, სანამ “Cadillac”-ი თავად არ დაიწყებს 2028 წლიდან საკუთარი ძრავის წარმოებას.ცნობისთვის, უკანასკნელად ფორმულა 1-ის მსხვილი გაფართოება 2010 წელს მოხდა, როდესაც რბოლებს “Lotus”, “Virgin Racing”, “HRT” და “Sauber” დაემატნენ.
ფორმულა 1-ისა და “General Motors”-ის შეთანხმების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.
აშშ-ში ავტომწარმოებლების მოგება შესაძლოა 17%-ით შემცირდეს
ანალიტიკოსთა შეფასებით, ავტომწარმოებლებს, მათ შორის აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებს, შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეექმნათ, ეს კი მას შემდეგ მოხდება რაც დონალდ ტრამპი დაანონსებულ იმპორტის ახალ ტარიფებს აამოქმედეს. S&P Global-ის მონაცემებით, ევროპული და ამერიკული ავტოკომპანიების წლიური მოგება შესაძლოა 17%-ით შემცირდეს. გარკვეულ ავტომწარმოებლებს, წლიური მოგების 20%-იანი ვარდნაც ემუქრებათ. ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად, GM-ი, Steilantis-ი, Volvo და Jaguar Land Rover-ი დაზარალდებიან. მათ შესაძლოა წლიური მოგების 20%-ზე მეტიც კი დაკარგონ. რაც შეეხება სხვა ავტომწარმოებლებს: VW-სა და Toyota-ს მოგება შესაძლოა 10%-დან 20%-მდე შემცირდეს, ხოლო BMW, Ford, Mercedes და Hyundai-Kia 10%-ზე ნაკლებით დაზარალდებიან. ტრამპი ოფიციალურად თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს. თუმცა წინა საპრეზიდენტო დაპირებები მის შემდგომ ქმედებებზე უკვე ბევრს გვეუბნება. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს, იქნება მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფის დაწესება.
Volkswagen და Rivian ახალ ელექტრო Golf-ზე მუშაობენ
Volkswagen-ი თავისი ყველაზე პოპულარული მანქანიდან შიგა წვის ძრავის ამოღებას კიდევ ერთხელ ეცდება. როდესაც ეს მოხდება, სავარაუდოდ, ID.3 აღარ იარსებებს, თუმცა კომპანია, ახლა უკვე Rivian- თან თანამშრომლობით, ახალ ელექტრომობილს წარადგენს. Rivian-ი Volkswagen-ს მეცხრე თაობის Golf-ის შექმნაში დაეხმარება. ახალი კომპაქტური ჰეჩბეკი ელექტრო იქნება და მომავალ, Scalable Systems Platform-ის ბაზაზე შეიქმნება. რამდენიმე კვირის წინ, VW-მა და Rivian-მა ერთობლივი საწარმოც შექმნეს - $5.8 მილიარდის ღირებულების - სადაც ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე იმუშავებენ. ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდება, Golf Mk9 იქნება. ახალი ელექტრო "Golf Mk9" სავარაუდოდ, 2029 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მისი გამოშვებამდე Volkswagen ID.3-ის გაუმჯობესებას კიდევ გააგრძელებს. 2026 წელს ახალ "ID.3"-ს ველოდებით, რომელსაც განახლებული ინტერიერი და მეტი ფიზიკური ღილაკები ექნება.
Volkswagen-ი ჩინეთში ქარხანას და ორ სატესტო ტრასას ყიდის
კომპანიის გადარჩენის მიზნით, ხარჯების შესამცირებლად, Volkswagen-ი რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს. რამდენიმე კვირის წინ, ავტომწარმოებელმა გერმანიაში ქარხნების დახურვა და სამუშაო ძალის შემცირება დააანონსა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი გადაწყვეტილება, გერმანიის გარეთ არსებულ ობიექტებსაც შეეხება. Volkswagen-ის განცხადებით, ჩინეთში კომპანია ქარხანასთან ერთად, ორ სატესტო ტრასასაც ყიდის. ობიექტი, რომელსაც VW-ი SAIC-თან პარტნიორობით ამუშავებს, ჩინეთში, სინძიანის რეგიონში მდებარეობს. გადაწყვეტილება არ შეეხება ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლამდე 18 ახალი მოდელის გამოშვება იგეგმება. წარმოების გაძლიერებასთან ერთად, Volkswagen-სა და SAIC-ს შორის პარტნიორობა 2040 წლამდე გახანგრძლივდა. პირველ ორ მოდელს, ორივეს ელექტროს, 2026 წლის დასაწყისში ვიხილავთ.
BMW-მ Need for Speed-ის ლეგენდარული მოდელი გააცოცხლა
Need for Speed-ი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი თამაშის პირველი სერია 1994 წელს ვიხილეთ, უახლესი ვერსია კი მიმდინარე წლის დეკემბერში გაეშვება. როგორც ჩანს, წლების გასვლასთან ერთად, ფრენჩაიზში ნოსტალგიური განწყობები იმატებს და წლევანდელი გამოშვებაც ამის დასტურია. თამაშის უახლესი, Volume 9 გამოშვება, მოთამაშეების ერთ-ერთი საყვარელი ნაწილით, 2005 წლის Need for Speed: Most Wanted-ითაა შთაგონებული.
ბევრი გულშემატკივრისთვის, თამაშის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე გამორჩეულ მოდელად Most Wanted-ის E46 BMW M3 GTR-ი რჩება. ვერცხლისფერი და ლურჯი ფერების კუპემ, აშკარად უფრო მეტი გააკეთა რეალური M3 GTR-ისთვის დიდების მოსატანად, ვიდრე სხვა ნებისმიერმა მოდელმა. E46-ის ეს ვერსია GT-ის რბოლისთვის შეიქმნა და V8 ძრავით იყო აღჭურვილი. მისმა რეალურმა ანალოგმა, M3 GTR-მა, ავტოსპორტში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა, თუმცა ვირტუალურმა ვერსიამ, BMW-ის ენთუზიასტებისთვის, კულტურული მნიშვნელობა შეიძინა.
Need for Speed-ის 30 წლის იუბილეს თავზე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა ამ საკულტო მოდელის რეალური ასლი შექმნა. ის ამჟამად მიუნხენში, BMW Welt-შია განთავსებული. გამოფენა 2024 წლის 27 ნოემბრიდან 2025 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდება, რაც მიუნხენში, საშობაო ბაზრის პერიოდს ემთხვევა. ამ პერიოდში, ავტომობილის ხილვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება.