გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილი განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოში პროგრამების მოდერნიზაცია ფაქტობრივად დასრულდა და ისინი ახალი გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესაბამისად განახლდა. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ სწორად შეფასებულიყო სექტორის საჭიროებები და პროგრამები არსებული გარემოს შესაბამისად ადაპტირებულიყო.
"ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში სოფლის განვითარების სააგენტომ აქტიურად იმუშავა იმისთვის, რომ სწორად ყოფილიყო შეფასებული სექტორი, რომლის მიხედვითაც მოხდა ადაპტირება“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროგრამის დეტალები მის პრეზენტაციაზე გაცხადდება.
მისივე თქმით, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სააგენტოს პროგრამები მოდერნიზდა და ისინი უკვე ახალ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე იქნება მორგებული. სონღულაშვილის განმარტებით, განახლებული პროგრამები უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ფერმერებსა და მომხმარებლებზე და მიზნად სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგების განვითარებას ისახავს.
“შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტობრივად სოფლის განვითარების ერთი ეტაპი დასრულდა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დღეს უკვე, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, შეიქმნა და მოდერნიზებულია თითოეული პროგრამა, რომელიც თავისთავად ცხადია, დღეს უკვე იმ ახალ პრიორიტეტებს განსაზღვრავს და იმ ახალი მიმართულებით იქნება...განახლებული პროგრამები პირდაპირ ფერმერებსა და მომხმარებლებზე იქნება ორიენტირებული, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებს, რომლებიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო პერიოდში, და მოიცავს ყველა საჭირო მექანიზმს სექტორის განვითარებისთვის", - თქვა მან.




























