საქართველოში ახალი იპოთეკური სესხების 86% ეროვნულ ვალუტაში გაიცემა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დაკრედიტების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში ახალი იპოთეკური კრედიტების მოცულობა 394 მილიონი ლარი იყო, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაცემული იპოთეკური კრედიტების მოცულობაზე საშუალოდ 10%-ით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 394 მილიონი ლარის ღირებულების იპოთეკურ კრედიტებში 339 მილიონი ლარი ლარის სესხებზე მოდიოდა, რაც ლარიზაციის 86%-იანი მაჩვენებელია.
შედარებისთვის ერთი წლის წინ იპოთეკური კრედიტების ნაკადებში ლარზე 78% მოდიოდა, იპოთეკური კრედიტების ლარიზაციის ზრდა დაკავშირებულია ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც 1 მაისიდან არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 400,000 ლარამდე მოცულობის კრედიტების აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გახდა შესაძლებელი.
მთლიანობაში 2024 წლის 10 თვეში საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 3.46 მილიარდი ლარის ღირებულების ახალი იპოთეკური კრედიტები გასცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით, ანუ 462 მილიონი ლარით მეტია, ხოლო მთლიანად იპოთეკური სესხების პორტფელი 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა 10.5 მილიარდი ლარიდან 11.7 მილიარდ ლარამდე, რაც 1.2-მილიარდიანი მატებაა. ნაკადების მოცულობის მატება თავად პორტფელის ზრდასთან შედარებით უფრო დიდი იმიტომ არის, რომ ახალი სესხების გაცემასთან ერთად ძველი სესხები იხურება, ხოლო სესხების გარკვეული ნაწილის რეფინანსირება ხდება ახალი იპოთეკური სესხებით, რაც ასევე იპოთეკური კრედიტების ნაკადების სტატისტიკაში აღირიცხება.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ლარის იპოთეკური კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.7%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, რაც თავის მხრივ სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან არის დაკავშირებული. უცხოური ვალუტის იპოთეკური კრედიტების განაკვეთი კი 7.2%-ია, რაც წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.