ღვინის კომპანია „თბილღვინოში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს საექსპორტო ბაზრებზე პრემიალური, ახალი კოლექციის ღვინოებით უფრო აქტიურად იქნებიან წარმოდგენილები.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ მარგველაშვილი BMG-სთან ამბობს, კომპანიის ახალი კოლექცია, რომელიც ქვევრის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, ბრიტანეთის და გერმანიის შემდეგ წელს უკვე კანადაშიც გაიყიდება. მისი თქმით, გლობალურად არსებული გამოწვევების ფონზე, „თბილღვინო“ აქცენტს საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების შენარჩუნებაზე აკეთებს. კომპანია ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს
“2025 წელი საკმაოდ საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ეს იყო მეორე წელი, რაც “თბილღვინოს“ ახალი კოლექციის ღვინოები, ბრიტანეთში იყიდება. ახალი ღვინოების ბრიტანეთში წარდგენის და დაფუძნების წელი იყო, ისევე როგორც გერმანიაში. ახალი კოლექცია დაფუძნებულია საფერავის ყურძნის ჯიშზე და ქვევრის ტექნოლოგიაზე. ჩვენ შარშან რამდენიმე ახალი კონტრაქტი მოვიპოვეთ და გასული წელი ჩვენთვის ახალი კოლექციის ღვინოების განვითარების კუთხით იყო ძალიან საინტერესო, ისევე როგორც მიმდინარე რეგულარული ასორტიმენტის სავაჭრო ნიშნების ოპტიმიზაციის კუთხით. საკმაოდ საინტერესო და წარმატებული წელი.
ძალიან კარგი მოსავალი გვქონდა 2025 წელს, ჩვენ 2013 წლიდან დავიწყეთ საკუთარი ვენახების გაშენება და გვჯერა, რომ ღვინის ხარისხი იბადება ვენახში და ხარისხიანი ყურძნიდან იწყება ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ საკმაოდ დიდ რესურსებს ვენახების განვითარების მიმართულებით ვხარჯავთ და ძალიან კარგი შედეგი გვქონდა 2025 წლის რთველზე.
ჩვენ, როგორც წესი, ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ ჩვენი გაყიდვები, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია კონკურენციაში გამარჯვება. ასევე, ახალ შესაძლებლობებს პირველ რიგში არსებულ ბაზრებზე ვეძებთ, რომ ჩვენს დისტრიბუტორებთან ერთად ახალ სავაჭრო წერტილებში შევიდეთ. ჩვენთვის ახალი კოლექციის ღვინოები საერთაშორისო პროექტია, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია ტოპ-10 და ტოპ-20 მსოფლიო ღვინის იმპორტიორ ქვეყნებზე. ამ ქვეყნებში მიზანმიმართულ მუშაობას ვატარებთ. კანადაში ჩვენს მიმდინარე ასორტიმენტს წლებია ვყიდით და ახლა ახალი პარტნიორი გვყავს, ვისთანაც უკვე მარტში მოვახდენთ პირველ გადატვირთვას ამ ახალი კოლექციის”, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.




























