მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი მაღაზიების გახსნას სადისტრიბუციო სექტორი აფინანსებს, რაც საბოლოოდ, პროდუქციის ფასზე აისახება - ლაშა რიჟამაძე

ლაშა რიჟამაძე

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე, რითეილ სექტორში არსებულ რთულ ფინანსურ პირობებზე საუბრობს. მისი განმარტებით, სავაჭრო ქსელების გაფართოების ხარჯი დიდწილად სადისტრიბუციო კომპანიებსა და ადგილობრივ მწარმოებლებზე გადადის, რაც ბიზნესისთვის ხშირად არარენტაბელურია და პროდუქციის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

ლაშა რიჟამაძის თქმით, ყოველი ახალი საცალო ვაჭრობის ობიექტის გახსნისას მიმწოდებლები იძულებულნი არიან, გადაიხადონ სავაჭრო ქსელის მიერ დაწესებული გადასახადი, მიუხედავად იმისა, უღირთ თუ არა დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს კონკრეტულ ლოკაციაზე შესვლა:

„თითოეული ახლად გახსნილი მაღაზიის გახსნას აფინანსებს სადისტრიბუციო სექტორი და ადგილობრივი მწარმოებლები. გარდა იმ გადასახადისა, რომლის გადახდაც უწევს თითოეულ კომპანიას და იძულებულია ეს გააკეთოს - რადგან ეს არის მარკეტის მიერ დაწესებული გადასახადი, ამას ემატება პროდუქციის შეტანის ხარჯიც, რაც დამატებით ტვირთად აწვება მწარმოებელს. ეს არ არის დამოკიდებული მიმწოდებლის ნებაზე. არსებული ხელშეკრულებები და პირობები პირდაპირ აიძულებს მათ, განახორციელონ ეს ქმედებები, გადაიხადონ დადგენილი საფასური და შეიტანონ პროდუქცია იქაც კი, სადაც ეს შეიძლება ფინანსურად საერთოდ არ იყოს მოგებიანი და დაკავშირებული იყოს გაძვირებულ ლოგისტიკურ ხარჯთან“ - ამბობს ლაშა რიჟამაძე BMG-სთან.

ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სავაჭრო ქსელები საკუთარ გაზრდილ ხარჯებს სწორედ მიმწოდებლების ხარჯზე აკომპენსირებენ, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ჯიბეზე აისახება:

„თუ მაღაზია არ არის რენტაბელური, ეს უზრდის რითეილსაც ხარჯს, რომელსაც ის სადისტრიბუციო და ადგილობრივი მწარმოებლის ხარჯზე იკომპენსირებს. მარკეტმა ამ თანხების მობილიზება საბოლოოდ სადღაც უნდა მოახდინოს და ამ შემთხვევაში ახდენს მიმწოდებლიდან, რაც საბოლოოდ, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს და ისახება პროდუქციის ფასში. გადასახადი ინდივიდუალურია - ვიღაცისთვის შეიძლება იყოს 1 000, ვიღაცისთვის 10 000, ზოგისთვის კი 20 000 ლარიც. ეს არის ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, რათა იქ რეალურად იყოს წარდგენილი ესა თუ ის პროდუქცია“ - ამბობს ლაშა რიჟამაძე.

მისივე თქმით, მაღაზიათა რაოდენობის ზრდა ქსელებს მიმწოდებლებზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტს აძლევს:

„ქსელს თავისი სტრატეგია აქვს - რაც შეიძლება მეტი მაღაზიით იყოს წარმოდგენილი. ეს რაოდენობა საბოლოოდ ზრდის იმ ძალაუფლებას, რაც მარკეტს შეიძლება ჰქონდეს მიმწოდებელთან მოლაპარაკების ფარგლებში. თუ მაღაზიათა რაოდენობა, პირობითად, 500-დან 800-მდე გაიზარდა, ის კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს მიმწოდებელს და ზრდის იმ გადასახადებს, რაც მანამდე იყო. საბოლოოდ, ამ თანხებს ისევ იმ გაზრდილ ხარჯს ახმარს, რომელიც რიგ შემთხვევაში თავად გახსნილი ობიექტიდან ვერ კომპენსირდება. ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მაღაზიათა რიცხვი, სადაც მიმწოდებლებისთვის მუშაობა ფინანსურად მომგებიანი არ არის.“

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, სექტორისთვის ამგვარი „ფინანსური ტვირთი“ პრობლემურია და პროცესების გაჯანსაღება, მათ შორის მაღაზიების რაოდენობის ოპტიმიზაცია, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი.

სურსათის ფასებზე ზეწოლის ერთ-ერთ მიზეზად, მთავრობა სუპერმარკეტების გაფართოებას მიიჩნევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 100 ათას ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოში მეტი მარკეტია ვიდრე ევროპაში. მისი თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებლი 113-ია, ევროპაში კი 60, რაც დამატებით წნეხს ქმნის ფასებზე. რითეილ-ექსპერტების ნაწილი კი, ამბობს, რომ სურსათზე ფასების ზრდა კომპლექსური პროცესია და ის პირდაპირ კავშირში არ არის ქვეყანაში სავაჭრო ობიექტების სიმრავლესთან. საკითხს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შემქმნილი ე.წ. ფასების კომისია სწავლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები