მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკის რეალიზაცია შარშანდელთან შედარებით შემცირებულია - BEKO საქართველო მიზეზებზე

მეჰმედ მელექი

რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვები შარშანდელთან შედარებით შემცირებულია.

როგორც „BEKO საქართველოში“ BMG-ს განუცხადეს, მათ შემთხვევაში გაყიდვების მცირედი კლება სხვადასხვა ტიპის ტექნიკაზე ფიქსირდება. კომპანიის გენერალური დირექტორის, მეჰმედ მელექის შეფასებით, გლობალური გაურკვევლობა და სხვადასხვა მიმართულებით ფასების ზრდის ტენდენცია გავლენას ქართველი მომხმარებლის განწყობაზეც ახდენს და შეინიშნება ტენდენცია, რომ მომხმარებელი სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე თანხას ზოგავს.

მეჰმედ მელექის თქმით, სწორედ შემცირებული რეალიზაციაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გაძვირებული იმპორტის მიუხედავად, ამ ეტაპზე პროდუქციაზე ფასების ზრდისგან თავს იკავებენ.

“ამჟამად გაყიდვები ოდნავ შემცირებულია შარშანდელთან შედარებით, ძირითადად რეალიზაციის კლება “შავ” ტექნიკას ეხება ანუ ტელევიზორებს, კომპიუტერებს, ტელეფონებს. შემცირებულია ისეთი “თეთრი” პროდუქციის გაყიდვები როგორიცაა სარეცხი მანქანები და ა.შ. თუმცა კლება უფრო მეტად “შავ” ტექნიკას ეხება. რთულია ზუსტ მიზეზებზე საუბარი, თუმცა ჩვენი ერთადერთი დასკვნა ის არის, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემების გამო ხალხი ფულს არ ხარჯავს, ანუ მომავალში რა მოხდება არ იცის ჩვენმა მომხმარებელმა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფულს ზოგავს.

ფასები გლობალურად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არის გაზრდილი. მსოფლიოში არეულობაა, აშშ-ირანის, უკრაინა-რუსეთის ომების გამო და ამ ფონზე, ტრანსპორტირება ძალიან გაგვიძვირდა. ამას კიდევ დაემატა საქართველოში ენერგოეფექტურობის რეგულაციების კანონის ძალაში შესვლა და აქედან გამომდინარე, გაიზარდა ფასები. თუმცა ჩვენი მარჟების შემცირების ხარჯზე ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ფასებს, ალბათ წლის მესამე კვარტალის ბოლომდე ასე იქნება”, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები