PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ბოლო წლებში რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ საქართველოში ახალი ინვესტორების ნაკლებობაა. ამის შესახებ მან BM.GE-ისთან 2023 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოქვეყნებულ სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რეინვესტირების ძირითადი წილი საფინანსო სექტორზე მოდის, ხოლო სხვა სექტორებში FDI-ის სიმცირეა. გიორგი ხიშტოვანის თვლის, რომ კონკრეტული ინვესტიციების ჩადება ანონსდება, თუმცა ანონსი ანონსად რჩება, რაზეც სამუშაოა.
“რეინვესტირების წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში ახალი, მნიშვნელოვანი ინვესტიციების საქართველოში არ შემოდის. პირველი სექტორი ინვესტიციების თვალსაზრისით არის საფინანსო სექტორი, ვიცით, რომ რეინვესტირების ნაწილი სწორედ ამ სექტორის მოგების რეინვესტირებაზე მოდის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტორების მოძიება არ ხდება, როგორც წესი ყოველ წელს, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება და ამ დიდი მნიშვნელოვანი ინვესტიციის ზომა განსაზღვრავს ზრდის თუ კლების ტრენდს, რაც არ არის საკმარისი საქართველოს ტიპის ღია ეკონომიკისთვის, რომლის ღიაობის მიზანიც არის მოიზიდოს ახალი ინვესტორები. სამწუხაროდ, ჩვენ იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც ეს გვინდა, ვერ ვახერხებთ”, - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.
2023 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით შემცირდა. გასულ წელს ქვეყანაში ჯამურად თითქმის მილიარდ 600 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
FDI-ის კომპონენტების მიხედვით თუ ჩავშლით, 2023 წელს სააქციო კაპიტალის მოცულობამ მილიარდ 173 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3 პროცენტით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ მილიარდ 279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.
ცნობისთვის, 2023 წელს ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).