ბოლო 2 წელიწადში უკვე მეხუთედ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგინა. ამჯერად, მან არჩევანი თავდაცვის მინისტრსა და ახლო გარემოცვის წევრზე, სებასტიან ლეკორნუზე გააჩერა. საუბარია პოლიტიკოსზე, რომელმაც სახელი კრიზისების მართვით და საფრანგეთის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდით გაითქვა.
მაკრონს ლეკორნუს წარდგენით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დამშვიდება სურდა, თუმცა წამყვანი საპარლამენტო პარტიები, რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე ძალები პრეზიდენტის ნაბიჯს კრიზისის გახანგრძლივების მცდელობად აღიქვამენ და პარლამენტის დათხოვნას, შესაბამისად - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით გამოსულმა ათასობით მოქალაქემ ქვეყნის წამყვან ქალაქებში საპროტესტო აქცია “დაბლოკე ყველაფერი” გამართეს. კამპანიის ფარგლებში, ისინი საკვანძო მაგისტრალებს კეტავენ, ნაგვის ურნებს წვავენ და პოლიციასთან დაპირისპირებაში შედიან.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის პარიზში, რენესა და მონპელიერში წესრიგის დასამყარებლად 80,000-ზე მეტი სამართალდამცველია გამოსული. დაკავებულია 300-ზე მეტი პირი.




























