"პროკრედიტ ბანკი - საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსი მატუა აცხადებს, რომ ბაზარზე ახალი ტიპის პროექტების დაფინანსების თავშეკავებულობა შეინიშნება, თუმცა „პროკრედიტ ბანკის“ შემთხვევაში დაკრედიტება არ შემცირებულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბანკებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით გაიმართა, მიმოიხილეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლის მთავარი პარამეტრები კარგ დონეზეა, მათ შორის მნიშვნელოვნად დაბალია ინფლაცია, ექსპორტ-იმპორტი, GDP-ის ზრდა - „კომპონენტებში საქართველოს წარმოდგენა ნორმალურ დონეზეა“, - აცხადებს ალექსი მატუა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ბაზარზე ახალ პროექტებში შესვლისგან ბანკებზე უფრო ინვესტორები იკავებენ თავს.
„რაც შეეხება მოლოდინებს და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას, იქიდან გამომდინარე რომ Procredit Bank-ის ძირითადი სეგმენტი მცირე ბიზნესია, ჩვენ მათზე გავამახვილეთ ყურადღება თუ რა ტიპის სერვისებზე იქნებოდა საუბარი, სად ხდება ის, რაზეც ლაპარაკობენ, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვებია [დაფინანსებაში]. ჩვენი მხრიდან დაფინანსების აქტივობა არ შემცირებულა, თუმცა ბაზარზე შეინიშნება გარკვეული ტიპის ტენდენციები, ისეთი როგორიც არის ახალი ტიპის პროექტების დაფინანსებაში თავშეკავებულობა - ეს არა ბანკებისგან, არამედ უფრო ინვესტორებისგან მოდის. ინვესტორები შედარებით სიფრთხილით ეკიდებიან ახალ ინვესტიციებს, თუმცა არსებული პროექტების დაფინანსების დინამიკა ნორმალურ დონეზეა. ეს არ არის დიდ, ამბიციურ სიმაღლეებზე, თუმცა ამ რეალობაში, რომელშიც დღეს ვართ, ნორმალურ დონეზეა“, - განმარტავს ალექსი მატუა.
„პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ გენერალური დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ დაკრედიტებაში სამშენებლო დარგის მაღალი კონცენტრაციის გამო მსხვილი ბანკები ახალ დეველოპერულ პროექტებს სიფრთხილით აფასებენ, რამაც „პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ სასესხო პორტფელში ამ დარგის გააქტიურება განაპირობა.
„ბოლო წლებში დაფინანსების ყველაზე დიდი ზრდა სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მე ვიცი, დიდ ბანკებში სესხების კონცეტრაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო და შესაბამისად, ბანკების მიერ გარკვეული ტიპის ახალი პროექტების დაფინანსების შედარებით ფრთხილი შეფასება მოხდა, რამაც ჩვენს ბანკში ამ პროექტების განაცხადების რაოდენობის ზრდა განაპირობა. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ დაფინანსება ამ მიმართულებითაც უფრო მეტად მიგვემართა“, - განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ზოგადად, აქამდე, „პროკრედიტ ბანკი - საქართველო“ სამშენებლო სექტორში აქტიურად წარმოდგენილი არ იყო.