"ნიკორამ" ხორცპროდუქტების ახალი, თანამედროვე და მასშტაბური საწარმო ოფიციალურად გახსნა. 45 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი სრულად ავტომატიზებული ქარხანა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც წარმოების ზრდას და ხარისხის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს - დეტალებზე "საქმიანი დილას" ეთერში "ნიკორას" გენერალური დირექტორი, ირაკლი ბოქოლიშვილი საუბრობს.
"ქარხნის მოცულობა დაახლოებით 6 000 მ²-ია, ამიერკავკასიაში ეს ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმოა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით: ენერგოეფექტური დანადგარები, მზის პანელები სახურავზე - რომელიც უზრუნველყოფს მოხმარების დაახლოებით 20%-ს - RFID კონტროლის სისტემა და ა.შ. ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ თუ ასეთი ულტრათანამედროვე ქარხანა აღმოსავლეთ ევროპაში არსებობს, ალბათ, ერთი-ორი. ეს არის ბოლო სიტყვა ტექნოლოგიებში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქარხანა შეიძლება საქართველოსთვის სავიზიტო ბარათად გამოდგეს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესმით, რა არის ხორცპროდუქტების წარმოება", - ამბობს "ნიკორას" გენდირექტორი.
ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, ახალმა საწარმომ კომპანიას პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის საშუალებაც მისცა. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, განსაკუთრებული აქცენტი პრემიუმ სეგმენტის პროდუქტზე გაკეთდება.
"ასორტიმენტში აუცილებლად იქნება ცვლილებები. რასაკვირველია, ტრადიციულ პროდუქტებს არ შევეშვებით და მათი განვითარება გაგრძელდება, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება ნედლად შებოლილ და ნედლად დაძველებულ პროდუქტებზე. ძველ ქარხანაში თუ ორი ცალი კლიმატ-კამერა გვქონდა, ძალიან პატარები, რომლითაც ნედლად შებოლილ პროდუქციას ვაწარმოებდით, აქ უკვე ექვსი კამერა დგას და თვეში 30 ტონის წარმოება შეგვიძლია. ეს არის დელიკატესი პროდუქტი, ყველაზე ჯანსაღი და ის, რაც წარმოადგენს კომპანიის სახეს რეალურად: პრემიუმ პროდუქტი, რომლითაც შეგიძლია იამაყო", - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
ასორტიმენტზე საუბრისას "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ გაზაფხულის მიწურულს კომპანია მზა კვების განვითარებასაც დაიწყებს.
"ამ წელს ასევე ვგეგმავთ რომ ძველ შენობაში, სადაც ადგილი გამოგვითავისუფლდა და დაწყებული გვაქვს წარმოების რეკონსტრუქცია, მზა კვება განვავითაროთ. დანადგარები უკვე ჩამოტანილი გვაქვს ფაქტობრივად. საუბარი არის არა გაყინულ და ნახევარფაბრიკატ პროდუქტებზე, რომლებიც უკვე არსებობს, არამედ გამზადებულ კერძებზე, რომლებსაც სახლში შეთბობაღა დასჭირდება. ძველ ლოკაციაზე, დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრზე, შეიძლება მეტზეც, იქნება ახალი წარმოება. ვგეგმავთ რომ მაისის, ივნისის პირას დავიწყებთ ამას", - ამბობს "ნიკორას" გენერალური დირექტორი.




























