რა თანხა დაიხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამაზე, რომლის შექმნაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა, კვლავ უცნობია. საკითხი პარლამენტში შესულ მომავალი წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში არ არის.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, ახალი თემების დაფინანსების საკითხის განხილვაში ჩართული უნდა იყოს ახალარჩეული პარლამენტი და საბოლოო გადაწყვეტილება 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში აისახება.
“[NGO-ების დაფინანსება] ბიუჯეტის ამ ვარიანტში არ არის. პირველად ვარიანტში არის მხოლოდ არსებული ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანას აქვს შრომის ანაზღაურების, პენსიების ინდექსაციის კანონმდებლობიდან, კონტრაქტების დასრულება, რომლებიც დაწყებულია და ა.შ. ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებია, საბოლოო ბიუჯეტის ფორმირება უნდა მოხდეს ახალარჩეულ პარლამენტთან. ამიტომ, დღეს გვაქვს არსებული ვალდებულებების სრულყოფილი დაფინანსება. სიახლეები, ახალი თემები ახალარჩეულ პარლამენტთან ერთად იქნება და შემოვა საბოლოო ვერსია",- თქვა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, მთავრობა, "რუსული კანონის" გამო უცხოური დონორებისგან დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის საპირწონედ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი საგრანტო პროგრამები მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან დაფინანსდება და ამ მიზნით მრავალი მილიონის გამოყოფა იგეგმება.